თიანეთში ვინმეს გამარჯვებულად ან დამარცხებულად გამოცხადება ჯერ ნაადრევია

თიანეთში ვინმეს გამარჯვებულად ან დამარცხებულად გამოცხადება ჯერ ნაადრევია

თიანეთის საარჩევნო ოლქში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით სამართლებრივი პროცესი არ დასრულებულა, შესაბამისად, ვინმეს გამარჯვებულად ან დამარცხებულად გამოცხადება ჯერ ნაადრევია, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ თიანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა განუცხადა.

ქუცნაშვილის შეფასებით, მცხეთის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არალოგიკური და წინააღმდეგობრივია და ზედა ინსტანციაში გასაჩივრდება.

მისივე თქმით, ის პროცესში გუშინდელი დღიდან ჩაერთო და შეეცდება “მეგობრების ხმა არავის დააკარგვინოს“.

“სასამართლოს სხდომაზე საოლქო კომისიის ყველა წევრმა, ყველა დამკვირვებელმა აღიარა, რომ ბიულეტენების გახსნა და გადათვა მათი თანდასწრების მოხდა. ეს უტყუარი ფაქტია და სადავო ფაქტად ვერ ჩაითვლება. აქედან გამომდინარე, დგას საკითხი, რომელი უფრო დამაჯერებელია - საუბნო საარჩევნო კომისიის თუ საოლქო კომისიის გადაწყვეტილება. სასამართლოს ეს უნდა შეემოწმებინა. ამიტომ ვიდრე სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ვნახავ, მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ. სასამართლოს გადაწყვეტილება ყველა ვარიანტში უნდა გასაჩივრდეს, რადგან არალოგიკური გამოდის. თუკი მოსარჩელე მხარე ითხოვდა საოლქო კომისიის განკარგულებების გაბათილებას იმის გამო, რომ მის შედეგად 20-ე უბნის შედეგები გაებათილებინა, სასამართლოს გადაწყვეტილებით გამოვიდა, რომ მან გააბათილა საოლქო კომისიის განკარგულებები, მაგრამ 20-ე უბნის შედეგები ძალაში დატოვა“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ ზაქარია ქუცნაშვილმა.