ეს ორი ადამიანის დაპირისპირებაა, საკმაოდ ცხარე, ჩემთვის არასასიამოვნო

ეს ორი ადამიანის დაპირისპირებაა, საკმაოდ ცხარე, ჩემთვის არასასიამოვნო

ეს ორი ადამიანის დაპირისპირებაა, საკმაოდ ცხარე, ჩემთვის არასასიამოვნო , - ასე აფასებს პარლამენტის უმრავლესობის წევრი კობა ნარჩემაშვილი ზაქარია ქუცნაშვილისა და თიანეთის მერობის კანდიდატის თამაზ მეჭიაურის ურთიერთბრალდებებს.

როგორც კობა ნარჩემაშვილი აცხადებს, ალბათ ქუცნაშვილმა უნდა განმარტოს რა კონტექსტში გააკეთა განცხადებები.

„არ დაგიმალავთ, ასეთი განცხადებები უხერხულობას მიქმნის, თუმცა ვფიქრობ, ბატონი ზაქრო ბევრ საკითხთან დაკავშირებით გააკეთებს კომენტარებს რა კონტექსტში თქვა ეს. მე არ მინდა წინასწარ რაიმე კონტექსტში კომენტარი გავაკეთო”, - განაცხადა ნარჩემაშვილმა.

მისივე თქმით, თუ სასამართლო მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას და თიანეთის მერობის გამარჯვებულ კანდიდატად თამაზ მეჭიაურს დაასახელებს, ”ჩვენ ამას უნდა შევეგუოთ”.

”ისეთ შემთხვევაში, როცა გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო და ჩვენ გვაქვს ეს პრაქტიკა, სუბიექტური შეფასებების გაკეთება უადგილო იქნება. ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ. მხარეებს საშუალება ექნებათ სამართლებრივი ხასიათის დავა გააგრძელონ. ერთი რამ მინდა ვთქვა, ამით ძალიან კარგად ჩატარებულ არჩევნებს როცა პოლიტიკური ოპონენტების გარდა კითხვის ნიშნები არავის აქვს, არ მინდა ჩრდილი მიადგეს. ქვეყანას აქვს დამოუკიდებელი სასამართლო, რომელმაც უნდა თქვას ვის ეკუთვნის გამარჯვება. მე არ ვიცი იმ დონეზე დეტალები, რომ ამასთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული პოზიცია მქონდეს. დემოკრატიის მთელი ხიბლი იმაშია, რომ შევეგუოთ ამას”, - განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.