2017-2018 წლებში რეგიონში მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროექტების განხორციელება სრულდება, - განაცხადა საქართველოში თურქეთის ელჩმა, ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ. „პირველ არხთან“ ინტერვიუში ელჩმა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალზე და სამხრეთ კავკასიის გაზსადენის გაფართოების პროექტზე ისაუბრა.
„30 ოქტომბერს პირველი მატარებელი გაივლის ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალს. თუმცა, რეგულარული სატვირთო და სამგზავრო მიმოსვლა 2018 წელს დაიწყება. ამის გარდა, მომავალი წლის პირველ ნახევარში, მარტში ან აპრილში, თურქეთი მიიღებს ბუნებრივ აირს აზერბაიჯანიდან, საქართველოს გავლით, ახალი პროექტის ფარგლებში. პირველ ეტაპზე იქნება შესაძლებელი წელიწადში 6 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მიღება. როდესაც დასრულდება ტრანსანატოლიური და ტრანსადრიატიკული მილსადენების მშენებლობა, ეს მოცულობა 16 მილიარდს მიაღწევს“, - აღნიშნა გუმრუქჩუმ.
ელჩის განცხადებით, წლების შემდეგ ისტორიკოსები ამ ეკონომიკური პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრებენ და 2017-2018 წლებს გაიხსენებენ.
„90-იან წლებში, როდესაც დაიწყო საუბარი ნავთობსადენებისა და გაზსადენების პროექტების განხორციელებაზე, ბევრს ამის არ სჯეროდა. ხუმრობებიც მახსოვს ამ თემაზე. ჩვენ ავაშენეთ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი და ბაქო-თბილისი-ერზერუმი. ახლა ჩვენი მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა ისეთ დონეზე ადის, რომ ჩვენთვის და მთელი მსოფლიოსთვის სარგებლის მომტანი იქნება“, - განუცხადა ელჩმა „პირველ არხს“.