ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე იმ სამ პოლიტიკურ სუბიექტს ასახელებს, ვისაც შესაძლებლობა აქვს არსებული პოლიტიკური ელიტის ალტერნატივა გახდეს. ლაგაზიძის თქმით, ეს პოლიტიკური ძალების ალეკო ელისაშვილის, დავით უსუფაშვილის და გიორგი ვაშაძის პოლიტიკური პარტიები. ამის შესახებ ხათუნა ლაგაზიძემ ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა.
”თბილისში ელისაშვილი ფაქტობრივად მოვიდა ანტიისტებლიშმენტური მოძრაობის ტალღაზე. მას ხმა მისცა იმ ამომრჩეველმა, რომელიც წინააღმდეგი იყო არა მხოლოდ არსებული პოლიტიკური პარტიების, არამედ ზოგადად არსებული პოლიტიკური სპექტრის, ასევე იმ ამომრჩეველმა, რომელიც მიიჩნევს, რომ 25-წლიანი ბატალიების მანძილზე არსებულმა პოლიტიკურმა სპექტრმა ამოწურა საკუთარი ადამიანური და ინტელექტუალური რესურსი და დრო არის სრულიად ახალი ტიპის პოლიტიკის და ახალი ტიპის ლიდერების. ასეთი ამომრჩევლები ძალიან დიდი რაოდენობითაა, როგორც თბილისში, ისე მთელ საქართველოში. ეს არის ტრენდი, რომლის ტალღაზეც მოვიდა ტრამპი ამერიკაში, მაკრონი საფრანგეთში და ა.შ. ბაზისი ელისაშვილს აქვს, მოთხოვნა არსებობს. თუმცა, ის აქამდე გაიგივებული იყო თბილისთან. ის იყო ადამიანი, რომელიც აირჩია თბილისის იმ ამომრჩეველმა, რომელიც ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველია და იმ ამომრჩეველმა, რომლისთვისაც ელისაშვილი გაიგივებული იყო დიდი ხნის განმავლობაში თბილისთან და თბილისის პრობლემებთან. ამიტომ შეძლო ელისაშვილმა იმ შედეგების დადება, რომელიც დადო. თბილისშივე ბაზისი ამ ანტიისტებლიშმენტური ამომრჩევლის გაცილებით ფართოა. მან უბრალოდ ვერ შეძლო ამ ადამიანების სათანადოდ მოტივაცია და ორგანიზაციული სტრუქტურის გამართვა ისე, რომ ეს ადამიანები მიეყვანა საარჩევნო ყუთებთან. მეორე თემაა თუ რამდენად შეძლებს ის გახდეს საქართველოს მასშტაბით ამ ანტიისტებლიშმენტური მოძრაობის საერთო ნაციონალური ლიდერი. ამისთვის მას მინიმუმ დასჭირდება ძალიან აქტიური გუნდი, რადგან ახლა არ არის დრო, როდესაც ერთ ადამიანს შეუძლია გარღვევის მოხდენა. სოციალური მედიის არსებობის ეპოქაში წარმოუდგენელია რომელიმე ადამიანმა მოახერხოს ისეთი მასშტაბის გარღვევა, როგორც თავის დროზე შეძლო ზვიად გამსახურდიამ, სააკაშვილმა თუ ივანიშვილმა. 70-80%-იან მხარდაჭერას სოციალური ქსელები არავის მისცემს. ძალიან იოლია ყველა მსურველის მხრიდან საზოგადოების მანიპულირება. ანტიისტებლიშმენტური ტალღა საკმაოდ დიდია იმისთვის, რომ სერიოზული გამარჯვების საწინდარი შეუქმნას იგივე 2020 წლისთვის. ელისაშვილს საკმაოდ დიდი რესურსი ელოდება იმ ახალგაზრდა თაობის სახით, რომელიც უფრო სოციალური იდეებისკენ არის ორიენტირებული და საკმაოდ აქტიურები და პოპულარულები არიან თავისი თაობის შორის. იგივე ითქმის იმ გუნდზე, რომელიც არჩევნების წინ წარმოადგინა. კვალიფიციური ადამიანების გუნდი წარმოადგინა და მათი თბილისის მთავრობაში მოსვლის შემთხვევაში არავის გაუჩნდებოდა კითხვა, თუ იქ რა უნდოდათ. ელისაშვილს აქვს ბევრი ბონუსი - ანტიისტებლიშმენტური მოძრაობის ტალღა, მოლოდინი საკმაოდ საინტერესო ახალგაზრდა სახეების, გუნდში ჰყავს პროფესიონალები, თუმცა რამდენად შეძლებს თბილისის პრობლემატიკიდან იქცეს საერთო ნაციონალურ ლიდერად, ეს არის მთავარი გამოწვევა”, - განაცხადა ლაგაზიძემ.
მისივე თქმით, დაბალი შედეგი არ ჰქონია დავით უსუფაშვილის მოძრაობას და გიორგი ვაშაძესაც საინტერესო ნიშა აქვს დაკავებული.
”უსუფაშვილს დაბალი შედეგი არ ჰქონია. უსუფაშვილმა მონაწილეობა მიიღო 17 მუნიციპალიტეტში და აქედან 8 მუნიციპალიტეტში ბარიერი გადალახა. საუბარია 2 -3 თვის შექმნილ პარტიაზე. საკმაოდ მაღალი პროცენტი აიღო ბარიერგადალახულ მუნიციპალიტეტებში. ეს შედეგი ნულოვანი პიარის პირობებში არ არის ხელწამოსაკრავი, ამას უნდა დაემატოს ისიც, რომ თბილისის მერობის კანდიდატს საზოგადოებრივი მაუწყებლის გარდა დებატებში ბლოკავდნენ. ამიტომ, ვერ ვიტყვი, რომ უსუფაშვილს პერსპექტივა არ აქვს. თუმცა, უსუფაშვილს კონკურენცია მაღალი აქვს პროდასავლურ ხაზზე ”ნაციონალური ფრთების” სახით, ვგულისხმობ ”ნაციონალურ მოძრაობას” და ”ევროპულ საქართველოს”. თუკი ელისაშვილი დაიკავებს მემარცხენე ფლანგს, მაშინ უსუფაშვილი პროდასავლურ ფლანგზე შესაძლოა იყოს საკმაოდ საინტერესო პოლიტიკური პარტია იმ ადამიანებისთვის ვისაც არ უნდა ”ნაციონალური მოძრაობა” და მის წიაღში შობილი პარტიები. ამიტომ, უსუფაშვილის პარტიის პერსპექტევას ნუ ჩამოვწერთ. უსუფაშვილი არის ერთადერთი ძველი პოლიტიკური ელიტიდან, რომელიც აღიარებს, რომ მისი მთავარი ფუნქცია არის თავისი გამოცდილება მოახმაროს ახალი პოლიტიკური თაობის მოყვანას საქართველოში.
მზარდი იქნება გიორგი ვაშაძის პერსპექტივა იმ უაღრესად საინტერესო ნიშიდან გამომდინარე, რომელიც მან დაიკავა თავისი ინოვაციური პროგრამის სახით. ჩვენ ჩამოვთვალეთ სამი პოლიტიკური სუბიექტი, რომელიც ალტერნატივად გამოდგება დღეს არსებული პოლიტიკური ელიტის”, - განაცხადა ლაგაზიძემ.