24 ოქტომბერს, გენდერული თანასწორობის საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საბჭოს თავმჯდომარე, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი უძღვებოდა.
„ძალიან მიხარია, რომ გენდერული თანასწორობის საბჭოს ასეთი წარმომადგენლობითი სხდომა გვაქვს და დაინტერესება საბჭოს საქმიანობის მიმართ იზრდება. ეს არის პირველ რიგში იმის შედეგი, რომ საბჭო ძალიან აქტიურად მუშაობს და მისი საქმიანობა გააქტიურებულია და სწორედ ამიტომ არსებობს საზოგადოების ასეთი დიდი ინტერესი, რასაც მივესალმები."-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
საბჭოს თავმჯდომარემ საბჭოს წევრებს დღის წესრიგი გააცნო და აღნიშნა, რომ საბჭო ძალიან აქტიურად მუშაობს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული საქმიანობების იმპლემენტაციისთვის ყველა მიმართულებით. თამარ ჩუგოშვილმა საბჭოს წევრებს და დამსწრე საზოგადოებას საბჭოს გეგმით გათვალისწინებული საქმიანობის შესრულების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია. მისი განცხადებით, კანონპროექტმა კვოტირების შესახებ საკომიტეტო განხილვების დონეზე მხარდაჭერა მოიპოვა. თამარ ჩუგოშვილმა ყურადღება გაამახვილა გენდერულ რესურსზე, რომელიც საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე NDI-ის მხარდაჭერით შეიქმნა.
სხდომის წამყვანმა საბჭოს სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და განაცხადა, საბჭოს ინიციატივით და USAID/GGI, NDI, UNDP მხარდაჭერით, ნარკოპოლიტიკისა და შრომითი უფლებების შესახებ კანონპროექტების გენდერული გავლენის შეფასებას პილოტური პროექტი ხორციელდება.
გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებს სამაგიდო კვლევა, გენდერული თანასწორობა საქართველოში-ბარიერები და რეკომენდაციები, რომელიც პარლამენტის გენდერული საბჭოს თხოვნის საფუძველზე კანონის უზენაესობის ხელშეწყობის (PROLoG)პროგრამის ფარგლებში, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI), აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)-ისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP)-ის დახმარებით მომზადდა, კვლევის ავტორებმა, ექსპერტებმა ნინო ჯანაშიამ და თამარ თომაშვილმა წარუდგინეს.
სამაგიდო კვლევა საქართველოში გენდერული თანასწორობის ბარიერებსა და ამ მიმართულებით არსებულ რეკომენდაციებს მოიცავს. „არსებული კვლევა სრულად ფარავს გენდერული თანასწორობის კუთხით არსებულ თითქმის ყველა ასპექტს. შესაბამისად, ამ სამოქმედო გეგმას დაეფუძნება ეროვნული სტრატეგია და გენდერული თანასწორობის საბჭოს მომდევნო წლების სამოქმედო გეგმა,"-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
კვლევის ავტორთა განცხადებით, კვლევაში იდენტიფიცირებულია კანონმდებლობისა და პოლიტიკის ხარვეზები მთელ რიგ სფეროებში, როგორიცაა, ქალთა მონაწილეობა, ეკონომიკური გაძლიერება, ქალთა მიმართ ძალადობა, შრომითი ურთიერთობები, ჯანმრთელობა, განათლება, მშვიდობა და უსაფრთხოება. სპორტი და კულტურა. ასევე თემატური კანონები გენდერული თანასწორობისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ.
გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომაზე საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს კომუნიკაციის სტრატეგიის კონცეფცია ექსპერტმა (NDI), ელენე ალადაშვილმა წარადგინა. მომხსენებელმა კომუნიკაციის დოკუმენტის ძირითად დანიშნულებაზე ისაუბრა და საბჭოს წევრებს სტრატეგიის დოკუმენტის შინაარსი და სტრუქტურა გააცნო.
„როდესაც გენდერული საბჭოს ახალი შემადგენლობა შეიკრიბა, ჩვენ აქცენტი გავაკეთეთ კომუნიკაციის ასპექტზე, ეს მნიშვნელოვანია საბჭოს სრულფასოვანი მუშაობისთვის როგორც პარლამენტის წევრებთან, ისე მის გარეთ, საზოგადოებასთან,"-აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.
სხდომაზე საბჭოს წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა პრეზენტაცია შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით გააკეთა. კანონპროექტი დასაქმების სფეროში გენდერული თანასწორობის მისაღწევად გადასადგმელ ნაბიჯებს შეეხება. მომხსენებლის განცხადებით, ცვლილებებმა შრომის გარემო უფრო თანასწორი უნდა გახადოს. „გადავწყვიტეთ, რომ ფართო მსჯელობის საგანი გამხდარიყო ის, თუ რა პრობლემები არსებობს შრომითი ურთიერთობების კუთხით გენდერული თვალსაზრისით",- განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომაზე დღესვე განიხილეს პარლამენტის წევრების ხათუნა გოგორიშვილის და სალომე სამადაშვილის განცხადებები, რომელიც მათ მიმართ გამოთქმულ სექსისტურ გამონათქვამებს შეეხებოდა.
საბჭოს წევრთა განცხადებით, ეს არ უნდა იყოს მისაღები სტანდარტი. „ჩვენ, ჩვენს თავს უფრო მეტ მოთხოვნებს ვუწესებთ და ვფიქრობ, რომ ჩვენ სწორ გზაზე ვართ იმ კუთხით, რომ უფრო მაღალი პოლიტიკური კულტურა დავამკვიდროთ ამ ქვეყანაში და პირველ რიგში ეს უნდა გამოიხატოს ეთიკურ დამოკიდებულებებში კოლეგებს შორის,"-განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ და გენდერული საბჭოს წევრმა თამარ ხულორდავამ.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის და გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრის, ეკა ბესელიას განცხადებით, „ის ფაქტი, რომ ამ თემაზე იხსნება დისკუსია, ნებისმიერ შემთხვევაში და იმის მიუხედავად, არის თუ არა შესაძლებელი ამ საბჭოს ფარგლებში რეაგირების რომელიმე კონკრეტული ფორმის გამოყენება, წაადგება პროცესს, რომ სტანდარტებს შევხედოთ კრიტიკულად. ნებისმიერ შემთხვევაში ღია დისკუსია ამ თემაზე არის სასარგებლო,"-განაცხადა ეკა ბესელიამ.
გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, რეგლამენტის და პროცედურის მიხედვით საბჭოს აქვს მსგავსი განცხადებების განხილვის შესაძლებლობა, თუმცა კონკრეტული სამართლებრივი რეაგირების მექანიზმი არ არსებობს. მისივე თქმით მსჯელობა აღნიშნულ საკითხზე მნიშვნელოვანია იმ მიმართულებით, რომ გამოიკვეთოს თუ რა იქნება ეფექტიანი მექანიზმი არსებობს მსგავსი შემთხვევებისთვის და რა ნორმა არის შესაქმნელი ამ მიმართულებით.