უკრაინის საიმიგრაციო სამსახურმა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, ოდესის ყოფილ გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა. ამის შესახებ ქვეყნის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ განაცხადა.
მისი განმარტებით, მიხეილ სააკაშვილს ამ საკითხის გასაჩივრებით სასამართლოსთვის არ მიუმართავს. შესაბამისად, ახლა კიევს აქვს მისი დეპორტირების ან ექსტრადირების უფლება.
ლუცენკო დღესვე აცხადებს, რომ სააკაშვილის მხარდამჭერები ქვეყანაში, ძალადობრივი გზით, სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავენ, მაგრამ ხელისუფლება მათ ამის უფლებას არ აძლევს. მისი თქმით, უკრაინაში გადატრიალებას გეგმავენ საქართველოს მოქალაქეები, ვისაც სააკაშვილის გუბერნატორობის დროს მოქალაქეობა მიენიჭა
მისივე თქმით, სააკაშვილმა, როდესაც ოდესის ოლქს ხელმძღვანელობდა, თავის ხელქვეითები აიძულა მუდმივი საცხოვრებლის ნებართვა გაეცათ საქართველოს 20 მოქალაქისთვის, როგორც კულტურის ფასდაუდებელი მოღვაწეებისთვის.
„ახლა ეს მოღვაწეები... სწორედ ისინი, იარაღით იცავენ სააკაშვილს და გეგმავენ ძალადობრივი გზით გადატრიალებას, ეს არ მოხდება“, - განაცხადა ლუცენკომ.