საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა „შრომის საერთაშორისო სტანდარტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით სამმხრივი კონსულტაციების შესახებ" შრომის საერთაშორისო კონფერენციის სამოცდამეერთე სესიაზე (ჟენევა, 1976 წლის 21 ივნისი) მიღებულ N144 კონვენციას".

სხდომას, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ნინო გოგუაძე უძღვებოდა.

კომიტეტის წევრებს, დოკუმენტი რატიფიცირებისთვის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ნინო ბერძულმა წარუდგინა.

მომხსენებლის განმარტებით, N144 კონვენციის რატიფიცირება განპირობებულია სოციალური დიალოგის პრაქტიკის მაღალი დონის დამკვიდრების სურვილით და საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერით აღებული ვალდებულებით, რომელიც ღირსეული შრომის პირობების დასამკვიდრებლად თანამშრომლობას მოიცავს.

კონვენცია ხელს უწყობს სახელმწიფოს, დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ორგანიზაციებს შორის დიალოგის განვითარებას, რასაც შედეგად უნდა მოყვეს სოციალური სამართლიანობა. კონვენციის მიზანია უზრუნველყოს სახელმწიფოს, დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ორგანიზაციების თანაბარი მონაწილეობა ღირსეული შრომის ხელშეწყობის თაობაზე საერთაშორისო ნორმების მიღებასა და დამკვიდრებაში.

მომხსენებლის განმარტებით, N144 კონვენცია მისი მონაწილე-სახელმწიფოსგან მოითხოვს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (შსო) ნორმატიული საქმიანობის ყველა ეტაპზე სახელმწიფოს, დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ორგანიზაციებს შორის კონსულტაციების გამართვას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა:

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონფერენციის დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხები, მათ შორის მთავრობების პასუხები მათთვის დასმულ შეკითხვებზე და მათი შენიშვნები კონფერენციაზე განსახილველ ტექსტებზე;

ხელისუფლების კომპეტენტური ორგანოებისადმი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მიღებული ახლადმიღებული კონვენციებისა და რეკომენდაციების წარდგენა;

არარატიფიცირებული კონვენციების და რეკომენდაციების ხელახლა გადახედვა მათი რატიფიცირების და გამოყენების მიზნით;

ანგარიშების მომზადება რატიფიცირებული კონვენციების თაობაზე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციაში გასაგზავნად

საჭიროების შემთხვევაში კონვენციების დენონსაციის შესახებ წინადადებების მომზადება.

N144 კონვენციის რატიფიცირება ხელს შეუწყობს სოციალურ პარტნიორებს შორის სოციალური დიალოგის განვითარებას და მათ შორის სოციალური პასუხისმგებლობის გადანაწილებას. იგი უზრუნველყოფს ტრიპარტიზმის კულტურის დამკვიდრებას და ზრდის პარტნიორთა შორის ნდობის ხარისხს, ასევე, აძლიერებს მიღებული გადაწყვეტილებების მიმართ სოლიდარული პასუხისმგებლობის გრძნობას.