”ნაციონალური მოძრაობის” გადაწყვეტილება ჩვენზე ზემოქმედებას ვერ მოახდენს, - ასე გამოეხმაურა ”ნაციონალური მოძრაობის” გადაწყვეტილებას მეორე ტურის ბოიკოტირებასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი სესიაშვილი.
”ზოგადად, ამ არჩევნებით ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ ქვეყანაში შედგა თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები, რამაც სტაბილური ხასიათი მიიღო და ეს არის ჩვენთვის ღირებული. რაც შეეხება მეორე ტურში ცალკეული პარტიების არმონაწილეობას, ეს მათი პოლიტიკური სტრატეგიის ნაწილია და ამ შემთხვევაში ჩვენზე, ჩვენს კანდიდატებზე ან ჩვენს მიდგომებზე ზემოქმედებას ვერ მოახდენს”, - განაცხადა სესიაშვილმა.
”ნაციონალური მოძრაობა” ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს, - ეს გადაწყვეტილება პარტიამ პოლიტსაბჭოს გუშინდელ სხდომაზე მიიღო.
ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, ქუთაისსა და მარტვილში ”ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატები გრიგოლ ვაშაძე და მამუკა დანელია მეორე ტურში მონაწილეობას აღარ მიიღებენ.
პოლიტსაბჭოს სხდომას მეორე ტურში გასული კანდიდატებიც ესწრებოდნენ.
”ნაციონალურ მოძრაობაში” მეორე ტურის ბოიკოტის მიზეზად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების უსამართლოდ ჩატარებას ასახელებენ.