ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი კომიტეტის წევრებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილემ, მაია ზავრადაშვილმა წარუდგინა.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, „საქართველომ ასოცირების შეთანხმებით აიღო ვალდებულებები, რომ მოახდინოს საზღვაო გარემოს დაცვის პოლიტიკის სფეროში საზოგადოებრივი ქმედებისთვის ჩარჩოს შემუშავების შესახებ ევროკავშირის დირექტივის რიგი დებულებების იმპლემენტაცია. წარმოდგენილი კანონპროექტი მიზნად ისახავს, სამართლებრივი საფუძვლის ჩამოყალიბებას შავი ზღვის წყლების დაცვისა და მდგრადი გამოყენების მიზნით გასატარებელი იმ ღონისძიებებისათვის, რომელიც ზღვის გარემოს გაუმჯობესებას, ზღვის წყლების დაბინძურების ეტაპობრივ შემცირებას და ზღვის გარემოს კარგი ხარისხობრივი მდგომარეობის მიღწევას უზრუნველყოფს.
კანონპროექტის შესაბამისად, განისაზღვრება კომპეტენტური სახელმწიფო უწყებები და ამ მიზნით, 2022 წლამდე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ, საქართველოს მთავრობის თანხმობით უნდა დაამტკიცოს ეროვნული საზღვაო სტრატეგია და საზღვაო გარემოს კარგი ხარისხობრივი მდგომარეობის მიღწევის სამოქმედო პროგრამა. პროგრამა ყოველ 6 წელიწადში ერთხელ განახლდება. მომხსენებლის განმარტებით, ეს არის პირველი ეტაპი იმისათვის, რომ შეიქმნას სამართლებრივი საფუძველი. ამის შემდეგ კი სტრატეგიაში და სამოქმედო გეგმაში განისაზღვრება მთელი რიგი ვალდებულებები, რაც ქვეყანამ უნდა შეასრულოს იმ მიზნის მისაღწევად, რასაც შესაბამისი დირექტივები ითვალისწინებს.
„შავი ზღვის ეკოლოგია და ბუნებრივი გარემოს გაუმჯობესება არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. ეს მიმართულებაც ერთ-ერთი ვალდებულების სახით გვაქვს განსაზღვრული ასოცირების შეთანხმებით. ჩვენ ვართ ამ ვალდებულების შესრულების საწყის ეტაპზე. ამჯერად განისაზღვრება ეროვნული სტრატეგიის შემუშავებაზე პასუხისმგებელი პირი და ეს იქნება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო. სამინისტრო 2022 წლის სექტემბრამდე შეიმუშავებს სტრატეგიას და გეგმას, რაც, ასევე, უამრავ დირექტივასთან ჰარმონიზებას ითვალისწინებს," - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ.
მუშაობის პროცესში, სამინისტროსთან ერთად ჩართული იქნება სათანადო უწყებები, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტრო, სხვადასხვა სახელმწიფო და მუნიციპალური ორგანოები.
აღმოსავლეთ პარტნიორობის ეროვნული პლატფორმის სამუშაო ჯგუფის წარმომადგენელმა კანონპროექტთან დაკავშირებით გამოთქვა მოსაზრება. მისი განცხადებით, სტრატეგია ვერ განისაზღვრება, თუ არ განისაზღვრა შესაბამისი დაფინანსების წყარო და რაოდენობა.
„სწორედ ამისთვის იდგმება პირველი ნაბიჯები. განისაზღვრება პასუხისმგებელი პირი, სტრატეგიის გაწერის მიმართ არსებობს სერიოზული დამოკიდებულება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების, ექსპერტების ჩართულობაც იქნება უზრუნველყოფილი. რა თქმა უნდა სახელმწიფო რესურსების მობილიზება იქნება მნიშვნელოვანი, თუმცა დონორთა აქტიურობა და დახმარებაც ამ მიმართულებით გამოსაყენებელი რესურსია,"-განაცხადა თამარ ხულორდავამ.
მომხსენებელმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა. კომიტეტის წევრი, გია გაჩეჩილაძე დაინტერესდა შავი ზღვის ეკოლოგიის მდგომარეობით და იმ ქმედებებით რასაც სამინისტრო უკვე ახორციელებს მისი გარემოს გაუმჯობესების მიზნით.
კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას ინიციატივით, უახლოესი ორი კვირის განმავლობაში, კომიტეტი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან ერთად გაერთიანებულ სხდომას გამართავს, სადაც, შავი ზღვის ეკოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინფორმაციას მოისმენენ.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრებმა განხილულ კანონპროექტს მხარი ერთხმად დაუჭირეს.