კახა კალაძის გუნდის წევრი ვარ და მზად ვარ, იმ პოზიციაზე დავდგე, რომელიც უკეთესი იქნება ქალაქისთვის, მერიისთვის

კახა კალაძის გუნდის წევრი ვარ და მზად ვარ, იმ პოზიციაზე დავდგე, რომელიც უკეთესი იქნება ქალაქისთვის, მერიისთვის

კახა კალაძის გუნდის წევრი ვარ და მზად ვარ, შევასრულო ყველა ის ფუნქცია და იმ პოზიციაზე დავდგე, რომელიც უკეთესი იქნება ქალაქისთვის, მერიისთვის და რა თქმა უნდა, ბატონი კახას გუნდისთვის, - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, ირაკლი ხმალაძემ „ინტერპრესნიუსის“ მიერ გავრცელებულ იმ ინფორმაციაზე კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც, მან შესაძლოს თბილისის მერის მოადგილის თანამდებობა დაიკავოს.

"მოადგილის პოზიციასთან დაკავშირებული ინფორმაციის დადასტურება გამიჭირდება. მე ერთი შემიძლია ვთქვა, რომ კახას გუნდის წევრი ვარ და მზად ვარ, შევასრულო ყველა ის ფუნქცია და იმ პოზიციაზე დავდგე, რომელიც უკეთესი იქნება ქალაქისთვის, მერიისთვის და რა თქმა უნდა, ბატონი კახას გუნდისთვის. ამის დროც მოვა, როდესაც კახა კალაძე შეუდგება უფლებამოსილების განხორციელებას და ეს კანონმდებლობით დაახლოებით, ნოემბრის შუა რიცხვებში უწევს, შესაბამისად, ბატონი კახა მიიღებს გადაწყვეტილებას გუნდის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით და ეს თავის დროზე ყველასთვის ცნობილი გახდება", - განუცხადა ხმალაძემ „ინტერპრესნიუსს“.

რაც შეეხება იმას, თუ რა მიმართულებას ჩაიბარებს ირაკლი ხმალაძე იმ შემთხვევაში თუ ის მერის მოადგილე გახდება, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, გადაწყვეტილება კახა კალაძემ უნდა მიიღოს, მან უნდა გაანაწილოს ფუნქციები თავის გუნდის წევრებს შორის.

"ჩემი პროფესიიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე, რამდენიმე მიმართულება შეიძლება მე შევასრულო. პროფესიით ვარ იურისტი. ვმუშაობდი ენერგეტიკის სამინისტროში საინვესტიციო მიმართულებითაც, საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ვმუშაობდი ურბანულ პოლიტიკაზეც, ეკონომიკურ და სატრანსპორტო პოლიტიკაზეც. აქედან გამომდინარე, რამდენიმე მიმართულებით შეიძლება მომიწიოს მუშაობა, მაგრამ ამას თავის დროზე ბატონი კახა გადაწყვეტს", - განაცხადა ხმალაძემ.

თბილისის ახლად არჩეული მერი კახა კალაძე დედაქალაქის მთავრობაში საკუთარი გუნდით მივა. არაოფიციალურად უკვე სახელდება რამდენიმე პირი, რომლებიც თბილისის მერიაში, სავარაუდოდ, კალაძის გუნდის წევრები იქნებიან.

უფრო კონკრეტულად, არსებული ინფორმაციით, კალაძე მერიაში ირაკლი ხმალაძის, მაია ბითაძის, ლაშა კვანტალიანისა და თემურ ბოლოთაშვილის წაყვანას გეგმავს.

ირაკლი ხმალაძეს ენერგეტიკის მინისტრად მუშაობისას კალაძის მოადგილის თანამდებობა ეკავა. წინასაარჩევნო პერიოდში მან აღნიშნული პოსტი დატოვა და აქტიურად ჩაერთო კალაძის საარჩევნო კამპანიაში. მანვე მოამზადა თბილისის ურბანულ და ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებული პროგრამები.

მაია ბითაძე სექტემბრის შუა რიცხვებამდე გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, რის შემდეგაც მანაც კალაძის საარჩევნო შტაბში გადაინაცვლა. მაია ბითაძეს უკავშირდება ეკოლოგიური მიმართულებით კალაძის საარჩევნო პროგრამის მომზადება.

რაც შეეხებათ ლაშა კვანტალიანს და თემურ ბოლოთაშვილს, ისინიც კალაძის საარჩევნო შტაბში მუშაობდნენ. პროფესიით ეკონომისტ-კიბერნეტიკოსი ლაშა კვანტალიანი მართვის პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებს კურირებდა, მშენებლობის და სივრცითი მოწყობის ექსპერტმა თემურ ბოლოთაშვილმა კი ურბანულ პოლიტიკაზე იმუშავა. აღსანიშნავია, რომ თავად კვანტალიანი მერიაში მუშაობის შესაძლო გაგრძელების შესახებ ინფორმაციას "ინტერპრესნიუსთან" საუბარში არ ადასტურებს.

ამასთან, ამ დროისთვის არსებული არაოფიციალური ინფორმაციით, აღნიშნული ოთხი პირიდან ირაკლი ხმალაძე თბილისის ვიცე-მერის თანამდებობას დაიკავებს.