უნდა დადგეს საკითხი, რომ სახლში წავიდნენ ის ოპოზიციური პარტიები, რომლებსაც არასდროს გაუმარჯვიათ

უნდა დადგეს საკითხი, რომ სახლში წავიდნენ ის ოპოზიციური პარტიები, რომლებსაც არასდროს გაუმარჯვიათ

ექსპერტების და საზოგადოების მოლოდინი არჩევნებთან დაკავშირებით როგორიც იყო, ზუსტად ისეთი სურათი მივიღეთ, - ამის შესახებ ექსპერტმა რამაზ საყვარელიძემ თვითმმართველობის არჩევნებზე მიღებული შედეგების შეფასებისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, ანალიტიკოსები ამბობდნენ, რომ თუ ძალთა სრული მობილიზაცია იქნებოდა, „ქართული ოცნება“ მინიმუმამდე დაიყვანდა მეორე ტურის შესაძლებლობას და ეს ასეც მოხდა.

„მოხდა ის, რაც მოსალოდნელი იყო. ყველა ელოდა, რომ ოპოზიციური ფრთა აღმოჩნდებოდა კიდევ უფრო დაბლა. ის, რომ ქვეყანაში უნდა არსებობდეს მმართველი პარტია და ოპოზიციური პარტიები, ეს გასაკვირი არ არის, მაგრამ მათ შორის სხვაობა როცა არის ძალიან დიდი, ეს არის მიუღებელი. პარტიებმა უნდა გადახედონ იმას, რა დამოკიდებულებას ავლენს მათდამი ამომრჩეველი. ყველა პარტიას ეხება ამომრჩევლის კრიტიკული დამოკიდებულება“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ უნდა დადგეს საკითხი, რომ „სახლში წავიდნენ“ ის ოპოზიციური პარტიები, რომლებსაც არასდროს გაუმარჯვიათ.

„ძალით პარტიას სახლში ვერ გაუშვებ, დანამუსების რეპლიკები უფრო გვაქვს. თვითმმართველობის არჩევნებში კიდევ უფრო უარესი შედეგები აჩვენა ზოგიერთმა პარტიამ, ვიდრე აქამდე იყო. გამონაკლისიც არის „ევროპული საქართველო“, რომლის ასეთ წამოწევას ბევრი არ ელოდა. უამრავ სხვა პარტიასთან ან იგივე სურათი გვაქვს, რაც წინა არჩევნებზე გვქონდა, ან ცოტათი უარესი. ერთი და იგივე სახეებს ვუყურებთ დიდი ხანია - ბევრმა წარმატებულმა პოლიტიკოსმა დატოვა პოლიტიკური არენა, მაგრამ ბევრი, დაბალი პროცენტების მიუხედავად, ისევ რჩება პოლიტიკაში.

„ქართული ოცნება“ კიდევ უფრო გააქტიურდება, „ევროპული საქართველო“ ალბათ, კიდევ წამოიწევს წინ. თემატიკა პატრიოტობისა რადგან აქვთ „დაბევებული“ შეიძლება „პატრიოტთა ალიანსის“ აქტიურობამ მოიმატოს, მაგრამ მეგონა, ალიანსს უფრო მეტი შედეგი ექნებოდა. „ნაციონალური მოძრაობის“ ხმებმა შეიძლება კიდევ უფრო დაიკლოს, მაგრამ მიხეილ სააკაშვილზე ორიენტირებული ამომრჩეველი საქართველოში კიდევ კარგა ხანს იქნება. ეს ოთხი პარტია, პოლიტიკაში დარჩენის შანსს ინარჩუნებს“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.