სურვილი მაქვს, კახა კალაძეს მხარში ამოვუდგე, რათა წინასაარჩევნო პროგრამა განხორციელდეს

სურვილი მაქვს, კახა კალაძეს მხარში ამოვუდგე, რათა წინასაარჩევნო პროგრამა განხორციელდეს

საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მაია ბითაძე აცხადებს, რომ სურვილი აქვს,  კახა კალაძის გუნდის წევრი იყოს.

პირველი არხის კითხვაზე, კახა კალაძისგან მიიღო თუ არა თბილისის მერის მოადგილის თანამდებობაზე შეთავაზება, ბითაძე პასუხობს, რომ დღეის მონაცემებით, უმუშევარია.

„ამ საკითხთან დაკავშირებით კახა კალაძე განცხადებას უახლოეს მომავალში თავად გააკეთებს. ბუნებრივია, ჩემი გადაწყვეტილებით სამინისტროდან იმიტომ წამოვედი, რომ მუშაობა მის გუნდში გამეგრძელებინა. მაქსიმალურად მაქვს სურვილი, რომ მას მხარში ამოვუდგე, რათა ის პროგრამა განახორციელოს, რომელიც წინასაარჩევნოდ ჰქონდა. რაც შეეხება კონკრეტულ თანამდებობებს, ამის თაობაზე ზუსტი განცხადება რამდენიმე დღეში გაკეთდება“, - აღნიშნა  ბითაძემ.

პირველი არხის ინფორმაციით, კახა კალაძე მაია ბითაძის გარდა, მოადგილის თანამდებობას ენერგეტიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, ირაკლი ხმალაძესაც შესთავაზებს. ხმალაძემ პირველ არხთან საუბარში აღნიშნა, რომ კახი კალაძის ნებისმიერ შეთავაზებას დათანხმდება.

კანონმდებლობის შესაბამისად, დედაქალაქის ახალი მერი კახა კალაძე    უფლებამოსილების განხორციელებას არაუგვიანეს 12 ნოემბრიდან შეუდგება, მანამდე კი,  საკუთარი გუნდის წარმომადგენლებს დაასახელებს.

მოქმედ მერს, დავით ნარმანიას ხუთი მოადგილე ჰყავს - ლაშა აბაშიძე, გიგა ნიკოლეიშვილი, ნინა ხატისკაცი, ირაკლი ლექვინაძე, ნატო ქიტიაშვილი.