თბილისის მერიაში სტრუქტურული ცვლილებებია მოსალოდნელი

თბილისის მერიაში სტრუქტურული ცვლილებებია მოსალოდნელი

დედაქალაქის მერიაში სტრუქტურული ცვლილებები იგეგმება. მოსალოდნელია რამდენიმე სამსახურის ოპტიმიზაცია.

ამ საკითხებზე თბილისის მერის არჩევნებში გამარჯვებულმა კახა კალაძემ ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში ისაუბრა.

როგორც კახა კალაძე აცხადებს, მოხდება არქიტექტურის სამსახურის რებრენდინგი და ურბანული პოლიტიკის გაძლიერება.

მისივე თქმით, არქიტექტურის სამსახური ცალკე სამსახურად ჩამოყალიბდება და ურბანული განვითარების პოლიტიკას გაატარებს.

კახი კალაძის ინფორმაციით, დაგეგმილია ზედამხედველობის, ეკოლოგიისა და ტრანსპორტის სამსახურების ოპტიმიზაცია.

გარდა ამისა, კახა კალაძე წინასაარჩევნო პერიოდში საუბრობდა ხარჯების ოპტიმიზაციაზეც.

მისი თქმით, ხარჯების ოპტიმიზაციის თვალსაზრისით, ყურადღება დაეთმობა ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაციას, გამჭვირვალე და რაციონალური ხარჯვით პოლიტიკასა და ბიუჯეტის შესრულების გაძლიერებულ მონიტორინგს.

„მერიის მომსახურება ყველა ადამიანისთვის მაქსიმალურად მარტივი, სწრაფი და ხელმისაწვდომი უნდა იყოს. ჩვენ შევამცირებთ გადაწყვეტილების მიღებისა და მოქალაქეების განცხადებებზე პასუხის გაცემის დროს, აუცილებლად დავხვეწთ ერთი ფანჯრის პრინციპის მომსახურების სერვისს. მერიაში დაინერგება თანამედროვე ტექნოლოგიები, რაც იძლევა შესაძლებლობას, რომ მოქალაქეებს მერიის სერვისებზე 24 საათიანი წვდომა ჰქონდეთ, სახლიდან გაუსვლელად მიიღონ ნებისმიერი მომსახურება, რათა დრო და ხარჯები დაზოგონ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მართვის პოლიტიკის ერთ-ერთი მიმართულება ასევე, ონლაინ სისტემების დანერგვა იქნება.

ცესკო-ს საბოლოო მონაცემებით, თბილისის მერის  არჩევნებში კახა კალაძეს 51.06% აქვს,  კანონმდებლობის მიხედვით, ახალი მერი მუშაობას არაუგვიანეს 12 ნოემბრისა შეუდგება.