ცესკო ამ დროისთვის არსებულ მონაცემებს აქვეყნებს

ცესკო ამ დროისთვის არსებულ მონაცემებს აქვეყნებს

ცენტრალური საარჩევნო კომისია ამ დროისთვის არსებულ მონაცემებს აქვეყნებს. როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, ყველა ოქმი თბილისისა და 4 თვითმმართველი ქალაქის მერის არჩევნებისთვის დათვლილია. 

”დათვლილია ასევე თბილისის პროპორციული სისტემის ყველა ოქმი და თვითმმართველი ქალაქის მერის ოქმების დიდი ნაწილიც. ამ ეტაპზე დარჩენილია დაახლოებით 150-მდე საუბნო ოქმის მონაცემი და მიმდინარეობს როგორც ამ ოქმების შეყვანა, ისე მონაცემების გადამოწმება და დაზუსტების პროცესი. შეგახსენებთ, 21 ოქტომბრის არჩევნების შედეგების საბოლოო შეჯამება საოლქო-საარჩევნო კომისიებმა უნდა დაასრულონ არა უგვიანეს 11 ნოემბრისა. შეჯამების შემდეგ, ცესკო არჩევნების მეორე ტურს დანიშნავს იმ ოლქებში სადაც მერობის კანდიდატების მიერ ვერ მოხდა 50%-იანი ბარიერის გადალახვა. კანონმდებლობის თანახმად, მეორე ტურების გამართვის ბოლო ვადა არის მიმდინარე წლის 15 ნოემბერი”, - განაცხადა მიქელაძემ. 

მისივე თქმით, ბოლო მონაცემებით, 3644 საარჩევნო უბნიდან, 3638 უბნის მონაცემები არის დათვლილი პროპორციული არჩევნებისთვის.

”წინასწარი მონაცემები არის შემდეგი (გაგაცნობთ იმ პარტიებს, რომლებმაც გადალახეს 3%-იანი ბარიერი): #2 ბაქრაძე, უგულავა, ევროპული საქართველო - 10.5%, #5 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 17.05%, #8 „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - 6.55%, #10 შალვა ნათელაშვილი, საქართველოს ლეიბორისტული პარტია - 3.27% და #41 „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ - 55,66%”, - განაცხადა მიქელაძემ. 

რაც შეეხება ინფორმაციას მეორე ტურების შესახებ, ცესკოს ინფორმაციით, პირველადი მონაცემებით, მეორე ტურები გაიმართება 6 მაჟორიტარულ ოლქში, თუმცა საბოლოო მონაცემები ცნობილი იქნება კანონით განსაზღვრული შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ. 

”ეს მაჟორიტარული ოლქებია: ყაზბეგის, ხაშურის, ბორჯომის, ოზურგეთის, ქუთაისისა და მარტვილის საარჩევნო ოლქები. შედეგები კი წინასწარი მონაცემებით არის ასეთი (გაგაცნობთ მონაცემებს მხოლოდ იმ კანდიდატების შედეგების შესახებ, რომლებიც მეორე ტურში მიიღებენ მონაწილეობას წინასწარი მონაცემებით): ქუთაისი - #5 გრიგოლ ვაშაძე 26.89% და #41 გიორგი ჭიღვარია - 48,75%, ყაზბეგი - #3 სანდრო ყამარაული - 26.85% და #41 ალექსანდრე ზაგაშვილი - 44.62%, ხაშური - #41 გიორგი გურასპაშვილი - 42,24% და #42 რამაზ ნოზაძე - 18,48%, ბორჯომი - #8 ზაზა ჩაჩანიძე - 40.39% და #41ლევან ლიპარტია 40.19%, ოზურგეთი - #41 ბეგლარ სიორიძე 43,39% და #42 კონსტანტინე შარშენიძე - 41.81%, მარტვილი - #5 მამუკა დანელია- 35,81% და #41 ალექსანდრე გრიგალავა - 49,76%”, - განაცხადა მიქელაძემ.