გუშინდელ აქციაზე მოვიდა ხალხი, ვისაც ცვლილებები სურს, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, ვისაც ხელისუფლებისთვის ბრძოლის წყურვილი ამოძრავებს

გუშინდელ აქციაზე მოვიდა ხალხი, ვისაც ცვლილებები სურს, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, ვისაც ხელისუფლებისთვის ბრძოლის წყურვილი ამოძრავებს

უკრაინის პრემიერ-მინისტრის, ვლადიმერ გროისმანის განცხადებით, ქვეყანაში დადებითი ცვლილებები დიალოგის გზით არის შესაძლებელი და არა სიტუაციის დესტაბილიზაციით.

ამის შესახებ ვლადიმერ გროისმანმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყანას უამრავ სფეროში შესაბამისი ცვლილებები სჭირდება.

„ჩვენ უნდა დავასრულოთ კორუფციასთან ბრძოლის ინსტიტუტების ფორმირება, უნდა შეიქმნას ანტიკორუფციული სასამართლო, დეპუტატების ხელშეუხებლობის სტატუსი უნდა შეიზღუდოს. მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი ეს ახლა გაკეთდეს“, - განაცხადა გროისმანმა.

ის ასევე შეეხო გუშინდელ საპროტესტო აქციას და აღნიშნა, რომ მომიტინგეებს შორის ისეთებიც იყვნენ, ვისაც მხოლოდ ხელისუფლებისთვის ბრძოლის წყურვილი ამოძრავებს.

„ერთი მხრივ, გუშინდელ აქციაზე მოვიდა ხალხი, ვისაც სურს მუშაობა ცვლილებებისთვის, თუმცა მეორე მხრივ, ისეთებიც იყვნენ, ვინც არაფრის გაკეთებას არ აპირებს. მათ კარგი ლოზუნგებით ხელისუფლებისთვის ბრძოლის წყურვილის გადაფარვა სურთ. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ამ ლოზუნგებით ისინი ასეთ რთულ დროს ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციას ცდილობენ“, - დასძინა ვლადიმერ გროისმანმა.