სვეტიცხოველობის დღესასწაულთან დაკავშირებით ლიტურგია მიმდინარეობს

სვეტიცხოველობის დღესასწაულთან დაკავშირებით ლიტურგია მიმდინარეობს

სვეტიცხოველობის დღესასწაულთან დაკავშირებით ლიტურგია მიმდინარეობს. წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად აღავლენს.

ტაძარში მღვდელმთავრები, ბაგრატიონთა გვარის წარმომადგენლები, სხვადასხვა ეკლესია-მონასტრების ბერ-მონაზვნები, სასულიერო პირები, ჩოხოსნები იმყოფებიან.

სადღესასწაულო მსახურებაზე სვეტიცხოველში საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს, “ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატს კახა კალაძეს და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს ელოდებიან.

სვეტიცხოვლობის დღესასწაულის გამო, მცხეთაში განსაკუთრებული ზომებია მიღებული. სვეტიცხოვლის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილების გადაადგილება შეზღუდულია და სპეციალური საშვებით ხდება.

ქალაქის ძირითად ქუჩაზე კულტურული ღონისძიებები გაიმართება. მცხეთის ცენტრში სპეციალური სცენაა მოწყობილი, სადაც სხვადასხვა კოლექტივები თავიანთ შემოქმედებას წარმოადგენენ, ქუჩებში გამოიფინება ხელნაკეთი ნივთები.

მსახურების დასრულების შემდეგ პატრიარქი მრევლს ტრადიციული ქადაგებით მიმართავს და დღევანდელ დღეს მიულოცავს.

გადმოცემის თანახმად, უფლის ჯვარცმის შემდეგ მისი კვართი წილად მცხეთაში მცხოვრებ ებრაელებს - ელიოზსა და ლონგინოზს ერგოთ, რომლებმაც სიწმინდე მცხეთაში ჩამოაბრძანეს. ელიოზის დამ, სიდონიამ კი უფლის კვართი გულში ჩაიკრა და სული განუტევა. იგი სიწმინდესთან ერთად დაკრძალეს. სიდონიას საფლავზე კი კვიპაროსის ხე ამოვიდა.

მე-4 საუკუნეში, წმინდა მეფის მირიანის და დედოფალ ნანას მეფობის ჟამს, კვიპაროსის ადგილზე ტაძრის მშენებლობა გადაწყვიტეს. კვიპაროსის ხისგან დამზადებული ერთ-ერთი სვეტი კი მშენებლებს არ ემორჩილებოდა. წმინდა მოციქულთა სწორ ნინოს ლოცვებით სვეტი ღვთის მიერ გაბრწყინდა და ჰაერში 12 წყრთის სიმაღლეზე გაჩერდა. ნათლის სვეტის თაყვანისსაცემად მთელი მცხეთა შეიკრიბა. ნათლის სვეტი სასწაულებს ახდენდა.

წმიდა ნინოს რჩევით აშენებული პირველი ხის ეკლესიის დანგრევის შემდეგ, V საუკუნის მე-2 ნახევარში, წმინდა მეფემ ვახტანგ გორგასალმა ბაზილიკის ტიპის ტაძარი აღმართა. XI სუკუნეში კი დაზიანებული ბაზილიკის ადგილზე ქართლის კათოლიკოსმა მელქისედეკმა ახალი ტაძარი - სვეტიცხოველი ააგო, რომლის ხუროთმოძღვარიც არსუკიძე იყო.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ამ დღეს ასევე წმინდა მოციქულთა სწორის მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას (IV); წმინდა სიდონიასა და აბიათარის (+IV) ხსენებასაც აღნიშნავს.