ევროკავშირთან ინტეგრაციის მეტ შესაძლებლობებს ვხედავთ და სწორედ ამას მოემსახურება უსაფრთხოების საკითხებზე სტრატეგიული დიალოგი

ევროკავშირთან ინტეგრაციის მეტ შესაძლებლობებს ვხედავთ და სწორედ ამას მოემსახურება უსაფრთხოების საკითხებზე სტრატეგიული დიალოგი

ევროკავშირთან თანამშრომლობის და ინტეგრაციის მეტ შესაძლებლობებს ვხედავთ და სწორედ ამას მოემსახურება უსაფრთხოების საკითხებზე სტრატეგიული დიალოგი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში, თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.

პრემიერი კიდევ ერთელ მიესალმა ევროკავშირთან უსაფრთხოების საკითხებზე სტრატეგიული დიალოგის დაწყებას.

„საქართველო მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ევროპის უსაფრთხოების საერთო არქიტექტურაში, რაც აღნიშნულია ევროკავშირის გლობალური უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის სტრატეგიულ დოკუმენტში და გამოხატულია ჩვენი აქტიური თანამშრომლობით ევროკავშირის შესაბამის ინსტიტუტებთან, ჩვენი მონაწილეობით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში ევროკავშირის კრიზისების მართვის ოპერაციებში. თუმცა, ჩვენ თანამშრომლობის და ინტეგრაციის მეტ შესაძლებლობებს ვხედავთ და სწორედ ამას მოემსახურება ჩვენი დიალოგი. სტრატეგიული დიალოგის ფორმატი იქნება გზა, რითაც ჩვენ გვინდა, მივაღწიოთ მაქსიმალურ თავსებადობას ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სისტემასა და სტრუქტურებთან. ეს დიალოგი შეეხება ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა ჰიბრიდული საფრთხეები, რადიკალიზაცია და ექსტრემიზმი, ორგანიზებულ დანაშაულთან კოორდინირებული ბრძოლა, ენერგოუსაფრთხოება თუ სხვა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო 5 წელიწადში, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კატეგორიაში საქართველომ 67-ე ადგილიდან 26-ე პოზიციაზე გადაინაცვლა, გაუმჯობესება გვაქვს 41 პოზიციით.

დიალოგის ფარგლებში, რა თქმა უნდა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღდგენის მშვიდობიანი გადაჭრის გზები და ევროკავშირის ჩართულობა იქნება აქტიურად განხილული“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.