საქართველოს პრაგმატული პოლიტიკა ეროვნული და გლობალური სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველყოფას ემსახურება

საქართველოს პრაგმატული პოლიტიკა ეროვნული და გლობალური სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველყოფას ემსახურება

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს პრაგმატული პოლიტიკა რუსეთთან მიმართებით, აგრეთვე კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკა, ეროვნული და გლობალური სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველყოფას ემსახურება.

ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბათუმში, თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კობახიძემ ქვეყნის გამოწვევებზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა.    

“მოხარული ვარ, რომ ბათუმი მასპინძლობს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციას ესოდენ მაღალი რანგის სტუმრების მონაწილეობით. საქართველო, ისევე, როგორც მთლიანად თანამედროვე ცივილიზებული სამყარო, დგას უმნიშვნელოვანესი გამოწვევების წინაშე მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით. თითოეული ჩვენგანის ვალია, გავუფრთხილდეთ მშვიდობას, სტაბილურობას და უსაფრთხოებას როგორც ეროვნული, ისე გლობალური მასშტაბით. საქართველოს ისტორიულად, საუკუნეების მანძილზე, მუდმივად უწევდა ბრძოლა და შრომა მშვიდობისთვის, დამოუკიდებლობის განმტკიცებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის. სამწუხაროდ, ეს გამოწვევები აქტუალურია საქართველოს დღევანდელობისთვისაც. საქართველოს ტერიტორიის 20% კვლავაც ოკუპირებულია რუსეთის მიერ. გრძელდება ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიის პროცესი. ოკუპირებულ ტერიტორიებზე კვლავაც უხეშად ილახება საქართველოს მოქალაქეების, ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისა და დების ფუნდამენტური უფლებები”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სტაბილურობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევების გათვალისწინებით, საქართველო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას.

”ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებული აქცენტი უნდა გაკეთდეს თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემის ისეთ ასპექტებზე, როგორიცაა საერთაშორისო თანამშრომლობა, სამხედრო აღმშენებლობა და თავდაცვის სისტემის ინსტიტუციური განვითარება და თავდაცვის სისტემის სათანადო სამართლებრივი უზრუნველყოფა”, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ ქვეყნის საგარეო პრიორიტეტებსაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ საქართველოს მკაფიოდ აქვს ჩამოყალიბებული და გაცხადებული თავისი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები, რაც აისახა საგანგებო საპარლამენტო რეზოლუციაში, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისთანავე მიიღო.

”ქართველი ხალხისა და საქართველოს ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტია ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაცია, რისთვისაც ხელისუფლება უმნიშვნელოვანეს რეფორმებს ახორციელებს. საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობს ნატო-სთან და მის წევრ სახელმწიფოებთან, რასაც ჩვენი ქვეყნის სუვერენტიტეტის განმტკიცებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. ამავდროულად, საქართველო აქტიურად თანამშრომლობს რეგიონის ქვეყნებთან სხვადასხვა სტრატეგიული მიმართულებით. საქართველოს პრაგმატული პოლიტიკა რუსეთთან მიმართებით, აგრეთვე კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკა, რომლებსაც მყარად უჭერენ მხარს ჩვენი მეგობარი ქვეყნები, ეროვნული და გლობალური სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველყოფას ემსახურება. საერთაშორისო მისიებში მონაწილეობით, საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ საქართველო წარმოდგენილია ყველაზე დიდი სამხედრო კონტინგენტით ავღანეთში ნატო-ს არაწევრ ქვეყნებს შორის. გამოცდილება აჩვენებს, რომ საქართველოს მიერ ბოლო წლების განმავლობაში არჩეულ საგარეო პოლიტიკურ კურსსა და პრიორიტეტებს დადებითი და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს გლობალური და ეროვნული სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში”, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.