ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე გასათვალისწინებელი რეკომენდაციები მიიღო

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე გასათვალისწინებელი რეკომენდაციები მიიღო

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა ევროკავშირის საბჭოს, კომისიის და საგარეო საქმეთა სამსახურის საყურადღებოდ, 2017 წლის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე გასათვალისწინებელი რეკომენდაციები მიიღო.

ევროპარლამენტმა კიდევ ერთხელ გამოხატა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა ხელს უწყობს აღმოსავლეთ ევროპაში დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და მდგრად ეკონომიკურ განვითარებას.

ევროპარლამენტი აღიარებს ასოცირებული ქვეყნების ევროპულ მისწრაფებებს და მათ ევროპულ არჩევანს. საქართველო მიჩნეულია სანდრო პარტნიორად, რომლის დემოკრატიული მიღწევებიც სამაგალითოა აღმოსავლეთ ევროპაში. ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელება არის სამი ასოცირებული პარტნიორი ქვეყნის მთავარი ვალდებულება და სახელმწოფოთა მოდერნიზაციის უმნიშვნელოვანესი გეგმა.

ევროპარლამენტი მოუწოდებს საბჭოს, რათა სამიტმა ხაზი გაუსვას, რომ ასოცირების შეთანხმება საქართველოსთან მოლდოვასთან და უკრაინასთან არაა ევროკავშირთან ურთიერთობების საბოლოო მიზანი;

კიდევ ერთხელ აღიაროს ამ ქვეყნების ევროპული მისწრაფებები;

მიუთითოს, რომ ევროკავშირის ხელშკრულების 49-ე მუხლის და 2017 წლის 25 მარტის რომის დეკლარაციის შესაბამისად, ყველა ევროპულ ქვეყანას უფლება აქვს მიმართოს ევროკავშირს წევრობისთვის.

ევროპარლამენტი მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს, შეთანხმდნენ სამიტის ამბიციურ დეკლარაციაზე, რომელიც გრძელვადიან მიზნებს დასახავს.

ევროპარლამენტი მოუწოდებს კომისიას, ევროპის საინვესტიციო ბანკს და სხვა ევროპის ფინანსურ ინსტიტუტებს, რომ ევროპის საინვესტიციო გეგმების განხორციელებისას ასოცირების შეთანხმებების შემსრულებელი პარტნიორი ქვეყნებისთვის შეიმუშაონ ახალი სპეციალური დახმარების მექანიზმები; მეტიც, ევროპარლამენტი მოუწოდებს საბჭოს, შეიქმნას სპეციალური ფონდი (trust fund) უკრაინისთვის, საქართველოსთვის და მოლდოვისთვის - საინვესტიციო პროექტების განსახორციელებლად.

ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკომისიას, გაზარდოს ფინასური დახმარება და ხელი შეუწყოს საქართველოს და სხვა ასოცირებულ ქვეყნებს ევროკავშირის სააგენტოებსა და ერთობლივ პროგრამებში ჩართვას.

ევროპარლამენტი, როგორც ყოველთვის, გამოხატავს უპირობო მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი და გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, რუსეთის ხისტი და რბილი ძალის დასაძლევად, საჭიროდ მიიჩნევს გაძლიერდეს ზეწოლა რუსეთზე საქართველოსა და სხვა ქვეყნების სუვერენიტეტის აღსადგენად;

ევროპელმა პარტნიორებმა დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა ერთიანი ძალისხმევით წარიმართოს მუშაობა ევროკავშირის აღმოსავლეთ საზღვარზე დემოკრატიის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის დამკვიდრებისთვის.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი პროცესის დასაწყისიდანვე აქტიურად იყო ჩართული ევროპარლამენტში რეკომენდაციების მომზადებაში საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და ევროპული მისწრაფებების მხარდასაჭერად.

ევროპარლამენტის რეკომენდაციები, რომელსაც პარლამენტი 13 ნოემბრის კვირაში საბოლოოდ დაამტკიცებს, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარეების ერთობლივ განცხადებას ეხმიანება, რითაც ასოცირებული პარტნიორები ევროპარლამენტს წევრობის პერსპექტივის აღიარებისკენ, ახალი ფინანსური ინსტრუმენტის შექმნისკენ და ამბიციური განცხადების შემუშავებისკენ მოუწოდებდნენ. 

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი ორ წელიწადში ერთხელ იმართება და აჯამებს აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის ფარგლებში წევრი ქვეყნების მიერ მიღწეულ პროგრესს და განსაზღვრავს თანამშრომლობის ახალ მიმართულებებს. წლევანდელი სამიტი 24 ნოემბერს ქ. ბრიუსელში გაიმართება. საქართველო წლებია დამსახურებულად მიიჩნევა აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერად დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით.