მთავრობა არასდროს ყოფილა ისე ახლოს პარლამენტთან, როგორც ბოლო 5 წლის განმავლობაში, - ასე გამოეხმაურა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე საპარლამენტო უმცირესობის მიერ მინისტრთა კაბინეტის ზოგიერთი წევრის საკანონმდებლო ორგანოში დაბარებას.
როგორც ვიქტორ დოლიძემ აღნიშნა, ოპოზიციის მიერ დაბარებული მინისტრებიდან ვიცე- პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა საკანომდებლო ორგანოში და ყველა კითხვას უპასუხა, ისევე როგორც სხვა მინისტრებმა.
„ამგვარი თანამშრომლობა არასდროს მახსოვს. ყველას კარგად გვახსოვს, რა ხდებოდა 2012 წლამდე, რა სახის „თანამშრომლობა“ იყო მთავრობსა და პარლამენტს შორის. აქედან გამომდინარე, თუ საუბარია მთავრობის ანგარიშვალდებულებაზე პარლამენტის წინაშე, მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ გვაქვს აღებული ამგვარი პოლიტიკური პასუხისმგებლობა, ვაკეთებთ ამას და მომავალშიც იგივე სულისკვეთებით გავაგრძელებთ“, - განაცხადა დოლიძემ.
კითხვაზე, საკრებულოსთან გავითარებული მოვლენების გამო, უნდა მივიდეს თუ არა პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, ვიქტორ დოლიძის განცხადებით, ყველანი მოწმეები ვართ, თუ როგორ მოქმედებს ოპოზიცია.
„ყველანი ვართ მოწმენი იმ სანახაობის, რაც საკრებულოსთან ვიხილეთ. შსს-მ და სამართალდამცველმა ორგანოებმა ზედმიწევნით კარგად, სწორად შეასრულეს ის ფუნქცია, განსხვავებით იმისგან, რაც ხდებოდა 2012 წლამდე და მათ თავიანთი მაღალი პროფესიონალიზმი და პოლიტიკაში ჩაურევლობა, კიდევ ერთხელ დაასაბუთეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მომავალი დემოკრატიული განვითარებისთვის“, - განაცხადა დოლიძემ.