საქართველო მზადაა, ევროკავშირთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა გააფართოვოს. როგორც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ საქართველო-ევროკავშირს შორის უსაფრთხოების საკითხებზე მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგის დაწყების კომენტირებისას განაცხადა, საქართველო არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კონტრიბუტორი ნატო-ს ოპერაციაში ავღანეთში, ასევე მონაწილეობს ევროკავშირის საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში, ცენტრალურ აფრიკასა და მალიში მიმდინარე ოპერაციებში.
„დღეს დაიწყო საქართველოსა და ევროკავშირს შორის სტრატეგიული უსაფრთხოების საკითხებზე დიალოგი და კონსულტაციები. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის თემებთან დაკავშირებით ევროკავშირთან ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით. ჩვენ ამგვარი მოთხოვნა ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოზე დავაყენეთ და შევთავაზეთ ჩვენს ევროპელ კოლეგებს კონკრეტული მიმართულებები, როგორ შეიძლება ვითანამშრომლოთ, მათ შორის, საქართველო-რუსეთის კონფლიქტში კიდევ უფრო აქტიური ჩართვა და კიდევ უფრო აქტიური მონაწილეობა ჩვენი ევროპელი კოლეგებისა. საქართველო არის ძალიან სერიოზული კონტრიბუტორი როგორც ევროპული, ასევე საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების ფარგლებში. ჩვენი კონსულტაციების პირობებში უკვე გამოიკვეთება მეტი დეტალები. თუმცა ჩვენ ვიცით, კონკრეტულად თუ რა გვინდა და ეს წინადადებები, რომელიც გაწერილი იყო ჩვენი მხრიდან, მათ შორის, კიბერუსაფრთხოების, რუსული პროპაგანდის, ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ ბრძოლა, ასევე, ექსტრემიზმი, ტერორიზმი და სხვა - ბუნებრივია, ჩვენ ამ საქმეში უნდა ვიყოთ ერთად. საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პარტნიორი ქვეყანა, ასევე ვართ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ქვეყანა, რომელიც უკვე ვართ ე.წ. СSDP-ის ოპერაციაში ჩართული, ცენტრალურ აფრიკასა და მალიში ვასრულებთ ჩვენს მოვალეობებს. ჩვენ მზად ვართ, რომ გავაფართოვოთ ამგვარი თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროებით, იმ კონკრეტული სფეროებით, რომელიც ადრე შეთავაზებული გვაქვს ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის“, - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.
საქართველო-ევროკავშირს შორის უსაფრთხოების საკითხებზე მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგის დღეს დაიწყო.