საქართველოს მთავრობის სხდომაზე მოწონებულ იქნა პროექტი, რომლის თანახმადაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით 5,500-მდე აბონენტი გაზიფიცირდება. 2017 წლის 3 აგვისტოს №1626 განკარგულებაში შეტანილი ცვლილების მიხედვით გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო სამუშაოები გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თერგვისში, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის დაბა ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ წალენჯიხაში განხორციელდება.
„ჩვენ კარგად გვესმის ჩვენი მოსახლეობის საჭიროებები და გვესმის რამდენად მნიშვნელოვანია მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით ენერგომატარებლებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. ბოლო 5 წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაზიფიცრების სამუშაოებისათვის 100 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო. მთელი ქვეყნის მასშტაბით, რეგიონებში მცხოვრებ ოჯახებს მიეცათ შესაძლებლობა ჩაერთონ გაზგამანაწიკებელ ქსელში და მოიხმარონ ბუნებრივი აირი.“ - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრის მაოდგილემ რომეო მიქაუტაძემ.
მიმდინარე წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 47 მილიონი ლარია გამოყოფილი საქართველოს მასშტაბით 35 ათასამდე ოჯახისათვის გაზიფიცირებისათვის საჭირო საპროექტო/სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად. გაზიფიცირების სამუშაოებს შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ახორციელებს.
შეგახსენებთ, 2013-2016წლებში, საქართველოს მასშტაბით, გაზიფიცირდა 200 ათასამდე აბონენტი. ასევე, 2014-2015წლებში ბუნებირვი აირის ქსელში ჩაერთო ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე 58 სოფლის 13,459 ოჯახი.