თუკი მე ღობეებსა და მოაჯირებზე ხტომას დავიწყებდი და პოლიციელების თავზე გავივლიდი, შენობაში არ უნდა შევეშვი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დეპუტატმა გრიგოლ ლილუაშვილმა, თბილისის საკრებულოს შენობასთან განვითარებული პროცესების შეფასებისას განუცხადა.
"თუ მე, გრიგოლ ლილუაშვილი, პარლამენტის წევრი ნებისმიერ სახელმწიფო დაწესებულებას აგრესიული ადამიანებით მივადგები, აგრესიულ ხალხთან ერთად საფრთხე ვიქნები იმისა, რომ შენობაში სიტუაცია აირევა და საკრებულო თავის უფლებამოსილებას ვერ განახორციელებდა, ამ შემთხვევაში, უფლება აქვთ, შენობაში არ შემიშვან. თუკი მე მოწესრიგებულად მივიდოდი, ისე როგორც საქართველოს პარლამენტის წევრს შეეფერება, წინაღობა არ იქნებოდა"- განუცხადა ჟურნალისტებს ლილუაშვილმა.
როგორც ცნობილია, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ოპოზიციონერი ლიდერები გუშინ საკრებულოს შენობაში არ შეუშვეს, რის გამოც "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა წევრმა თინა ბოკუჩავამ რკინის ჯებირზე გადასვლა და შენობაში ამ გზით შესვლა სცადა. საკრებულოსთან გუშინ გამართულ აქციაზე სამართალდამცავებმა და აქციის მონაწილეებს შორის რამდენჯერმე დაპირისპირებაც მოხდა.