„ევროპული საქართველოს“ წევრის გიგი წერეთელის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით სხდომის დანიშვნის შემთხვევაში, ის შეეცდება კოლეგები დაარწმუნოს, მხარი დაუჭირონ იმ შენიშვნებს, რომელიც პრეზიდენტმა წარადგინა.
„სამწუხაროა, რომ ხელისუფლება ჯიუტად აგრძელებს იმ გზას, რომელიც აირჩია, ეს არის უთანხმოების, კონსენსუსის არდაშვების და ოპოზიციის ინტერესების არგათვალისწინების გზა, რაც ძირშივე ხდის ამ კონსტიტუციას საზოგადოებისთვის ნაკლებად სანდოს და არაფუნქციონირებადს.
ჩვენ ვფიქრობთ და შევეცდებით თუკი ეს სხდომა დაინიშნება, დავარწმუნოთ ჩვენი კოლეგები იმაში, რომ მხარი დაუჭირონ იმ შენიშვნებს, რომელიც პრეზიდენტმა წარმოადგინა, რომელიც არის ლოგიკური და სადაც შეიძლება ყველა საკითხი არ არის ასახული, მაგრამ ძირითადი პრინციპული საკითხები გათვალისწლნებულია“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.
პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს ვეტო დაადო. გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტს უკან, მოტივირებული შენიშვნებით უბრუნებს.
პრეზიდენტის განცხადებით, პარლამენტში წარდგენილი 6 პუნქტიანი მოტივირებული შენიშვნებიდან პირველ 4 პუნქტში, თავიდან ბოლომდე იმეორებს ვენეციის კომისიის წინაშე "ქართული ოცნების" მიერ აღებულ ვალდებულებას. ეს ის საკითხებია, რომლებზეც "ქართულმა ოცნებამ" ვენეციის კომისიასთან ჩასწორების ვალდებულება აიღო: ეს 4 საკითხი უცვლელად გადმოდის მოტივირებულ შენიშვნებში: ბონუსის, საარჩევნო ბლოკების, საკონსტიტუციო სასამართლოსა და აღმსარებლობის თავისუფლების საკითხები.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მე-5 საკითხიც ასევე "ქართულ ოცნებას" ეკუთვნის - ეს 2020 წელს პროპორციული არჩევნების დანიშვნის საკითხია.
საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციური კანონის პროექტი მესამე მოსმენით 26 სექტემბერს, 117 ხმით მიიღო.