საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომისთვის მღვდელმთავრები იკრიბებიან. როგორც ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა (ბერბიჭაშვილი) ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, პირადად მისთვის სინოდის სხდომაზე განსახილველი საკითხები უცნობია. მეუფის განცხადებით, შესაძლოა სინოდის სხდომაზე ყველა მღვდელმთავარი ვერ გამოცხადდეს, რადგან სხდომა გუშინ დაინიშნა და „როგორც ჩანს, რაღაც საგანგებო შემთხვევაა“.
ჟურნალისტების კითხვაზე, ხომ არ განიხილავს წმინდა სინოდი დეკანოზ გიორგი მამალაძის საკითხს, რადგანაც დეკანოზისთვის პატიმრობის შეფარდების შემდეგ ეს პირველი სხდომაა, მეუფე გრიგოლმა განაცხადა, რომ განსახილველი საკითხების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.
„განსახილველი საკითხები არ ვიცი და დარწმუნებული ვარ, მღვდელმთავრებმაც არაფერი იციან, ალბათ შემდეგ გავიგებთ. ფაქტია, რომ გუშინ გამოცხადდა სინოდის შესახებ და დღეს მოგვიწია მოსვლა. ალბათ ბევრი ვერც იქნება სინოდზე, როგორც ჩანს, რაღაც საგანგებო შემთხვევაა. ვნახოთ, უწმინდესი გვეტყვის“,- განაცხადა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა.
მიტროპოლიტს ასევე კითხვით მიმართეს, რას შეიძლება უკავშირდებოდეს პატრიარქის მიერ სინოდის საგანგებო შეკრება.
„ჩვენ ვარაუდებისაგან შორს ვართ. რეალობას ნახავთ“, - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.