დღეს თბილისში საქართველო-ევროკავშირის უსაფრთხოების საკითხებზე მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგის პირველი შეხვედრაა დაგეგმილი. შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მიმართავს, რის შემდეგაც სამუშაო სხდომას ევროკავშირის მხრიდან საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე, ჟან-კრისტოფ ბელიარდი უხელმძღვანელებს, ხოლო ქართული მხრიდან შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვახტანგ მახარობლიშვილი გაუძღვება.
უსაფრთხოების საკითხზე მაღალი დონის დიალოგში მონაწილეობას ასევე მიიღებენ საქართველოს შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელი პირები. აღსანიშნავია, რომ ქართული მხარე აქტიურად მუშაობს ევროკავშირთან თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში თანამშრომლობის განვითარების მიმართულებით, რათა მაქსიმალურად მოხდეს ევროკავშირის იმ ინსტიტუტებთან დაახლოება, რომელიც უზრუნველყოფს ევროპის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას.
დიალოგის ფარგლებში განხილული იქნება უსაფრთხოების თემებზე ევროკავშირთან თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის პროცესში ევროკავშირის ჩართულობა; ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის და ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში თანამშრომლობა; ჰიბრიდული საფრთხეები; კიბერუსაფრთხოება; კრიზისული სიტუაციების მართვა; სტრატეგიულ კომუნიკაცია; გამოცდილების გაზიარება ისეთ გლობალურ საფრთხეებთან დაკავშირებით, როგორიცაა რადიკალიზაცია და ექსტრემიზმი და ა.შ.
მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში, საქართველოს ვიზიტით ეწვია ევროკავშირის საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილეჟან-კრისტოფ ბელიარდი, რომელიც, ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრებს გამართავს საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მონაწილეობას მიიღებს ბათუმში დაგეგმილ საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაში.