ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი - „ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ" - ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი თაბუაშვილმა წარუდგინა დეპუტატებს.

მომხსენებლის განმარტებით, კანონპროექტის შემუშავების მიზანია „ერთი მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და მეორე მხრივ, საქართველოს შორის" ასოცირების შესახებ 2014 წლის 27 ივნისის შეთანხმების ფარგლებში აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება და ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა მარეგულირებელი ნორმების გადამუშავება.

„კანონპროექტი გადამუშავდა მითითებული რეგულაციის მიხედვით და ითვალისწინებს საქართველოში დაცული ყველა ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე უფლების მფლობელების უფლებების დაცვას, აღნიშნული უფლებების დარღვევით წარმოებული და კონტრაფაქციული პროდუქციის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე იმპორტის, საწყობის, თავისუფალი ზონის, რეექსპორტის და ექსპორტის სასაქონლო ოპერაციების შესაბამისად გადაადგილებისას სპეციალურ სასაზღვრო ღონისძიებათა გამოყენებით", - განაცხადა გიორგი თაბუაშვილმა.

მისი თქმით, ფართოვდება ინტელექტუალური საკუთრების უფლების მფლობელების უფლებების დაცვის არეალი და აღნიშნული მოიცავს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე იმპორტის, საწყობის, თავისუფალი ზონის, რეექსპორტის და ექსპორტის სასაქონლო ოპერაციების შესაბამისად გადაადგილებას, სპეციალურ სასაზღვრო ღონისძიებათა გამოყენებას.

მისივე განცხადებით, კანონპროექტის ერთ-ერთ ძირითად სიახლეს წარმოადგენს: რეგისტრაციამდე საქონლის შეჩერება და ასეთი საქონლისადმი სპეციალური სასაზღვრო კონტროლის ღონისძიებების გამოყენება. კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.

სხდომაზე საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი განიხილეს. ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განმარტებით,  პროექტით  განისაზღვრება 2018 წლის განმავლობაში მისაღები შემოსულობებისა და გასაწევი გადასახდელების მაჩვენებლები. მისივე თქმით,  2018 წელს სახელმწიფო ბიუჯეტი მთლიანად ემსახურება სამთავრობო პროგრამის - „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა" შესრულებას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მოსახლეობის სოციალური დაცვა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება.

ბიუჯეტის პროექტში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 145.0 მლნ ლარი,  ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების სამინისტროსთვის გამოყოფილია 96.0 მლნ ლარამდე. რაც შეეხება სახალხო დამცველის აპარატის დაფინანსებას, გიორგი კაკაურიძის თქმით, ეს ყოველწლიურად მზარდი დაფინასებაა და მასზე 5, 5 მლნ ლარია გათვალისწინებული. პერსონალური დაცვის ინსპექტორის დაფინანსება 2 მლნ ლარია, იურიდიული დახმარების სამსახურისა კი - 6 მლნ ლარია.

კომიტეტის წევრებმა შენიშვნები და მოსაზრებები გამოთქვეს.  როგორც გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, წარმოდგენილი სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტი პირველადი ვერსიაა. კანონპროექტის განხილვა გაგრძელდება კომიტეტებში, ასევე  სამინისტროების წარმომადგენლებთან. ამასთან, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებთან ბიუჯეტის ძირითადი მაკრო-ფისკალური პარამეტრებთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, განხილვების შედეგად შემუშავებული რეკომენდაციების შესაბამისად მომზადდება კანონპროექტის განახლებული ვერსია, რომელიც წარედგინება საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად.

დღესვე კომიტეტმა განიხილა საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი. აღნიშნული პაკეტის შემუშავება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც პარლამენტმა მიიღო „საჯარო სამსახურის შესახებ" კანონი, რომელმაც ახლებურად მოაწესრიგა საჯარო სამსახურის სისტემა და განსაზღვრა საჯარო მოსამსახურეთა არამხოლოდ სამართლებრივი სტატუსი, არამედ ასევე ვალდებულება, აღნიშნულ მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების საკითხი, დარეგულირებულიყო ახალი კანონით „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ".  საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის ეკატერინე ქარდავას  განმარტებით, კანონპროექტის მიზანია, დაამკვიდროს საჯარო სექტორში დასაქმებული პირების შრომის ანაზღაურების სამართლიანი, გამჭვირვალე და განჭვრეტადი სისტემა; შექმნას დამსახურებაზე დამკვიდრებული საჯარო სამსახურის განხორციელების სისტემა; მოაწესრიგოს შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითხები; დაარეგულიროს სახელფასო დანამატის და ფულადი ჯილდოს გაცემის საფუძველი და ზღვრები.

კომიტეტის წევრებმა  კანონპროექტების სხვადასხვა მუხლთან დაკავშირებით შენიშვნები გამოთქვეს.

კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, წარმოდგენილი კანონპროექტებით  მნიშვნელოვანი საკითხები მოწესრიგდება. „ ამ ახალი რეგულაციებით ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ჩვენს ქვეყანაში სპეკულაციები პრემიებზე, დანამატებსა და მასთან დაკავშირებულ პოლიტიკურ თემებზე", -განაცხადა სოფო კილაძემ.  თუმცა მას მიაჩნია, რომ ამ  საკითხთან დაკავშირებით კომიტეტმა მსჯელობა უნდა გააგრძელოს, რათა  გასწორდეს ცალკეული ხარვეზები.

დღესვე კომიტეტის სხდომაზე განიხილეს  კანონპროექტები: „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" და „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის,  ზაზა სოფრომაძის განცხადებით, გაეროს 1961 წლის კონვენციისა და 1971 წლის კონვენციის სიებში ახლად შეტანილ საერთაშორისო კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებებზე რეგულირება წესდება, რაც წარმოადგენს მათი უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებას. მისივე თქმით, ეს, თავის მხრივ, დადებითად იმოქმედებს ქვეყანაში ნარკოვითარების გაუმჯობესების კუთხით.

„სამოქალაქო აქტების შესახებ"  კანონში შესატანი ცვლილებები კომიტეტის სხდომაზე  იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ,  ალექსანდრე ბარამიძემ წარმოადგინა.

კანონს  ემატება ნორმა, რომლის თანახმად, გვარის შეცვლა იმ შემთხვევაშიც იქნება შესაძლებელი, თუ პირი გამოთქვამს სურვილს, მიიღოს საკუთარი და პირდაპირი აღმავალი შტოს ერთ-ერთი ნათესავის გვარების გაერთიანების შედეგად მიღებული გვარი. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუკი პირის საკუთარი და მისი პირდაპირი აღმავალი შტოს ნათესავის გვარი ორწევრიანია. ასეთი გვარების გაერთიანება, ზოგადი წესის შესაბამისად, დაუშვებელი იქნება. კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.