ვენეციის კომისიას ბონუსის სისტემა იურიდიულ ხარვეზად არ დაუდგენია - ბონუსის გაუქმების გადაწყვეტილება კომპრომისის მიზნით არის მიღებული

ვენეციის კომისიას ბონუსის სისტემა იურიდიულ ხარვეზად არ დაუდგენია - ბონუსის გაუქმების გადაწყვეტილება კომპრომისის მიზნით არის მიღებული

ბონუსის სისტემასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიას იურიდიული სახის კონტრარგუმენტები არ ჰქონდა - ბონუსის მექანიზმის გაუქმების გადაწყვეტილება მიღებულია ფართო შეთანხმების მიღწევის მიზნით, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.

”ვენეციის კომისია როგორც პირველად დასკვნაში, ასევე დღეს მიღებულ დოკუმენტში საკონსტიტუციო რეფორმას დადებითად აფასებს. ჩვენ შეთანხმებული გვაქვს და აუცილებლად შევასრულებთ პირობას, რომ გავაუქმოთ ბონუსები და დავტოვოთ საარჩევნო ბლოკები ერთჯერადად - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ბონუსის სისტემასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიას იურიდიული სახის კონტრარგუმენტები არ ჰქონდა და ეს სისტემა იურიდიულ ხარვეზად არ დაუდგენია. ბონუსების გაუქმების გადაწყვეტილება მიღებულია მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ამით მმართველმა პარტიამ გადადგა კომპრომისული ნაბიჯი, უფრო ფართო შეთანხმების მიღწევის მიზნით. სამწუხაროდ, პოლიტიკურ პარტიებთან პრეზიდენტმაც კი ვერ მოახერხა რაიმე შეთანხმების მიღწევა, იმის მიუხედავად, რომ მათ ეს საკითხი აწუხებდათ და შეცვლას ითხოვდნენ”, - განუცხადა თალაკვაძემ ”ინტერპრესნიუსს”.