ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ ვენეციის კომისიამ საბოლოო გადაწყვეტილებით, კონსტიტუციასთან დაკავშირებით პოლიტიკურ სპეკულაციებს წერტილი დაუსვა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველომ პროგრესული და დემოკრატიული კონსტიტუცია შექმნა.
მამუკა მდინარაძე ვენეციის კომისიის დასკვნის გარდა, ყურადღებას პრეზიდენტის ვეტოზეც ამახვილებს და აღნიშნავს, რომ თუ პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის პასუხი საბოლოოა, მათ ამ გადაწყვეტილებით, იურიდიულის გარდა, რამდენიმე სტრატეგიული შეცდომა დაუშვეს.
„პრეზიდენტმა ორ საკითხთან დაკავშირებული საყოველთაო კონსენსუსის რეალიზებაზე უარი თქვა, რომელსაც ვენეციის კომისიაც ეთანხმება. ორი საათის განმავლობაში, პრეზიდენტი კონსტიტუციის მხარდაჭერის შესახებ უმრავლესობის წევრებისა და ამავდროულად, ხუთი პარტიის ლიდერების სხვადასხვა მოსაზრებებს ისმენდა, დღეს კი, მისი წარმომადგენლები კვლავ აცხადებენ, რომ ერთპარტიული კონსტიტუცია მივიღეთ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ისინი საზოგადოებას კონსტიტუციის შესახებ არასწორ ინფორმაციას აწვდიან“, - აღნიშნავს მდინარაძე.
კანონმდებლის შეფასებით, პრეზიდენტის წარმომადგენლებმა საკუთარი თავის ლუსტრაცია მოახდინეს და ოპოზიციის სახელით ილაპარაკეს.
„თუ მათ წინადადებებს დავთანხმდებოდით, მაგრამ გუნდის ნაწილი მხარს არ დაგვიჭერდა, ოპოზიციის ხმებს შემოგვაშველებდნენ. თავისი წინადადებით ჩვენს გუნდში განხეთქილების შემოტანა სცადეს, რაც ბუნებრივია არ გამოუვიდათ. უნდა ითქვას, რომ პრეზიდენტმა უკანასკნელ შანსზე უარი თქვა, რომ უკვე აღიარებულად წარმატებული საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში პოზიტიური როლი ეთამაშა“, - განაცხადა მდინარაძემ.