ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენის შემდეგ, საჯარო გახდა ინფორმაცია ფინანსური დახმარებების შესახებ. შევიტყვეთ იმ საზოგადო მოღვაწეთა გვარები, რომლებსაც მეცენატი ყოველთვიურად ეხმარებოდა. როგორც ჩემი რესპონდენტი ამბობს, ბიძინა ივანიშვილის ფონდი თბილისის თითქმის ყველა თეატრის მსახიობებს უმართავდა ხელს. ნოდარ დუმბაძის თეატრის ახალმა მმართველმა კი მსახიობები აიძულა, ამ დახმარებაზე უარი ეთქვათ. ვინც ეს გააკეთა, დღემდე თეატრის თანამშრომელთა რიგებში ირიცხება. დანარჩენი 40 თანამშრომელი კი სამსახურიდან დაითხოვეს. მიზეზად რეორგანიზაცია დაასახელეს. დღეს თეატრის კულუარულ ამბებზე მისი ერთ-ერთი ყოფილი თანამშრომელი, ილუზიონისტი ზურა ვადაჭკორია ღიად საუბრობს.
- ზურა, რამდენი წელი იმუშავე ამ თეატრში და რას აკეთებდი?
- კომუნისტების დროიდან ამ თეატრში ვიყავი. მაშინ ჩემი მაგიური საღამოები მქონდა. შემდეგ ბავშვებისთვის ვაკეთებდით სპექტაკლებს და სადაც ჩემი ხელოვნება იყო საჭირო, მაგალითად, უნდა გაფრენილიყო ან გამქრალიყო რომელიმე ზღაპრის გმირი, გადაადგილებულიყო ნივთები, მე ვკურირებდი. მოკლედ რომ ვთქვა, სპექტაკლების სპეცეფექტების კონსულტანტი ვიყავი.
- როდის მოვიდა ახალი მმართველობა და ვინ არის თეატრის ხელმძღვანელი?
- თეატრის ხელმძღვანელი ახლა არის მიხეილ ანთაძე, რომელმაც თავისი გუნდი მოიყვანა. ეს იყო 2007 წელს. მის გუნდში ირიცხება, მაგალითად, ფარმაცევტი თამრიკო თუხარელი, რომელიც სპექტაკლებს დგამს. ახალ გუნდთან ერთად რამდენიმე სპექტაკლი გავაკეთე, ოღონდ სხვა რეჟისორთან, მერე დაიწყო პრობლემები, რაც 40 კაცის თეატრიდან გამოშვებით დამთავრდა.
- მიზეზი რა იყო?
- პირადად მე დამირეკეს და მითხრეს, უარი უნდა თქვა "ქართუს" დახმარებაზეო. ამ დახმარებას ჩვენ, თეატრის ყველა თანამშრომელი, 2004 წლიდან ვიღებდით. სხვათა შორის, ამ დახმარებას 2011 წლის დეკემბრამდე თავად თეატრის ხელმძღვანელი პირებიც იღებდნენ. არადა, ბატონმა ბიძინამ ოქტომბერში გაახმაურა, რომ პოლიტიკაში მოსვლას აპირებდა.
- ამ დახმარების შესახებ აქამდე რატომ არაფერი გითქვამს?
- ამ დახმარებას ყველა თეატრის მსახიობი იღებდა. ინდივიდუალურად ილუზიონისტ ზურა ვადაჭკორიასთვის არავის გადაუხდია ფული, ამ ჩამონათვალში იყო რუსთაველის თეატრი, მარჯანიშვილის თეატრი, გრიბოედოვის, სომხური თეატრი.
- თუ საიდუმლო არ არის, რამდენი იყო ეს ყოველთვიური დახმარება?
- თვეში 200 დოლარი. თეატრის მმართველი 950 ლარს იღებდა. დახმარებას იღებდა მისი შვილიც, მეუღლეც, დისშვილი, დისშვილიშვილი, ყველა, ვინც კი ჰყავდა თეატრში გაფორმებული... იანვარში გამომიცხადეს, ყოველთვიურად ჩვენ მოგცემთ იმ ფულს, რასაც "ქართუ" გიხდის და უარი თქვი მათ დახმარებაზეო. წინადადებით მიმართეს დანარჩენ 40 თანამშრომელს.
- რატომ არ დათანხმდით?
- ვერ მივხვდით, რატომ უნდა გვეთქვა უარი დახმარებაზე, რატომ გვაიძულებდა ამას ხელმძღვანელობა მაშინ, როცა არც ერთ სხვა თეატრში არ დამდგარა მსგავსი საკითხი დღის წესრიგში. ისინი იღებდნენ დახმარებასაც და მომატებულ ხელფასსაც. ექვსი თვის ხელფასი ჰქონდა ჩვენს თეატრს გაუცემელი, რა გარანტია გვქონდა, რომ ამ პირობას შეასრულებდნენ და ხელფასზე კიდევ ყოველთვიურად 200 დოლარს დაგვიმატებდნენ. ეგ ხომ ზღაპარი იყო. გაუცემელი ხელფასები გარღვევების ბრალია და კულტურის სამინისტროში გაარკვიეთო. დავწერეთ განცხადება კულტურის მინისტრის სახელზე და მოვითხოვეთ გაუცემელი ხელფასები. აღმოჩნდა, რომ თანხა თეატრში იყო გადარიცხული და ჩვენი მმართველი, როგორც ყოველთვის, ცრუობდა. თან დაგვაბრალა, თანამშრომლებმა კულტურის სამინისტროში მიჩივლესო. საჩივარი არ დაგვიწერია, ეს იყო მხოლოდ თხოვნა. ამ ყველაფერს ჩვენი დათხოვნა მოჰყვა. მიზეზად თეატრში რეორგანიზაცია დასახელდა. ერთ-ერთი ჩვენი მსახიობი მივიდა და მოითხოვა საბუთი, რის საფუძველზე დაითხოვეს სამსახურიდან. პასუხი იყო ასეთი "რას იქექებით, ვერაფერს მიზამთ, თავიდან ფეხებამდე "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ვარ, მზია ბებოს გაზრდილი ვარო". ეს იყო ანთაძის სიტყვები.
- რით ცხოვრობ, რაც სამსახურიდან გამოგიშვეს?
- "ქართუს" დახმარება ისევ გვაქვს, ოღონდ თითოეულ მსახიობთან ინდივიდუალური ხელშეკრულების საფუძველზე, ახლა ვიღებთ 200 დოლარს პლუს ის ხელფასი, რასაც თეატრი გვიხდიდა.
- ფაქტობრივად, არაფერში იღებთ ფულს და რაღა გინდათ, რას ებრძვით?
- უსამართლობას ვებრძვით, სხვას არაფერს. როცა პასუხი მოსთხოვეს, რატომ გაუშვი ეს 40 კაცი სამსახურიდანო, იცით, რითი იმართლა თავი? - ივანიშვილის პოლიტიკას ავრცელებდნენ, "ქართული ოცნების" აგიტაციას ეწეოდნენო. ერთი რამ ყველაზე მეტად მაღიზიანებს და ეს პირშიც ვუთხარი თეატრის ხელმძღვანელს, "ივანიშვილის გარემონტებულ თეატრში ზიხარ, მისი ფულით გაკეთებულ კაბინეტში ფულს აკეთებ, მის გაკეთებულ სცენას აქირავებ და თან ლანძღავ. თუ სულით ხორცამდე "ნაციონალი" ხარ, მაშინ უარი თქვი ამ თანამდებობაზე-მეთქი".
- შენი უმუშევრობა გახდა იმის მიზეზი, რომ ბოლო დროს "ქართული ოცნების" აქციებზე დაიარები?
- მიზეზი უსამართლობაა. ადამიანები თავისი ადამიანურობითა და საქციელით ფასდებიან. მე ვხედავ, როგორ იქცევა ბიძინა ივანიშვილი.
- და როგორ იქცევა "ქართული ოცნების" ლიდერი?
- ჯერჯერობით კაცურად, ადამიანურად, ისე, როგორც მოიქცეოდა ნამდვილი მამულიშვილი. სამება ააშენა, ბოლოს და ბოლოს, მეტი რა უნდა გააკეთოს!
- ამიტომ უნდა გახდეს პოლიტიკოსი?
- არა მხოლოდ ამიტომ. მას ბევრი დადებითი თვისება აქვს. პირველ რიგში, მატყუარა არ არის სხვა პოლიტიკოსებივით. ყალბ დაპირებებს არ იძლევა. რაც შეეხება აქციებს, როცა ომი იყო გაჩაღებული, რუსეთის აგრესიას ვიგერიებდით, პრეზიდენტის ჩატარებულ მიტინგზე ვიდექი. ცოცხალ ჯაჭვშიც ვიდექი. იქ ვდგავარ, სადაც უჭირს ჩემს ქვეყანას, სადაც არის სიმართლე. დღესაც ასე მგონია, რომ სიმართლის მხარეს ვდგავარ. ღმერთმა ქნას, ეს იმედი არ გამიცრუვდეს.