ვენეციის კომისიას ამაზე უფრო მკაფიოდ შეუძლებელია დაეწერა საკუთარი პოზიცია, რომ ძალიან დიდი დარტყმაა საპარლამენტო არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლის გადადება

ვენეციის კომისიას ამაზე უფრო მკაფიოდ შეუძლებელია დაეწერა საკუთარი პოზიცია, რომ ძალიან დიდი დარტყმაა საპარლამენტო არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლის გადადება

ვენეციის კომისიას ამაზე უფრო მკაფიოდ შეუძლებელია დაეწერა საკუთარი პოზიცია, რაც აქამდეც ჰქონდა დაფიქსირებული, რომ ძალიან დიდი დარტყმაა საპარლამენტო არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლის გადადება და 2020 წელს კვლავ არსებული სისტემით ჩატარება, - ამის შესახებ ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნის შეფასებისას ”ინტერპრესნიუსს” ”ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განუცხადა.

მისი თქმით, საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით ”ქართული ოცნების” გადაწყვეტილებები” ძალიან დიდი დარტყმაა ჩვენი ქვეყნისთვის, სტაბილურობისთვის, სამოქალაქო თანხმობისთვის და ქვეყანას ცუდ შედეგებს მოუტანს.

”ქართული ოცნების სტილია თეთრზე შავის თქმა ასე რიხიანად. ვენეციის კომისიას ამაზე უფრო მკაფიოდ შეუძლებელია დაეწერა საკუთარი პოზიცია, რაც აქამდეც ჰქონდა დაფიქსირებული, რომ ძალიან დიდი დარტყმაა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის გადადება და 2020 წელს კვლავ არსებული სისტემით ჩატარება არჩევნების. ამას მხოლოდ ნაწილობრივ თუ ანეიტრალებს ბარიერის დაწევა და ბლოკების არ აკრძალვა. ეს ზიანი სახეზეა. ვენეციის კომისიას ვციტირებ: ძალიან სამწუხაროა, რომ ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ბონუსთან დაკავშირებით არის კიდევ უფრო მკაფიო რეკომენდაცია, რომ ბონუს სისტემა ჯობია, რომ არ იყოს არც ახლა და არც მომავალში. არის ცალკეული რეკომენდაციები რწმენის თავისუფლებასთან, მიწის საკითხებთან დაკავშირებით. გამოვიდა პარლამენტის თავმჯდომარე და ამაყად გვითხრა, როგორ არ აპირებს ამ რეკომენდაციების გათვალისწინებას, შემდეგ კი მადლობას უხდის ვენეციის კომისიას. ვენეციის კომისია რუსეთის დუმა კი არ არის ილანძღოს, ზრდილობიანი არ იყოს ან ჯარი გამოგზავნოს. კომისია რეკომენდაციებს იძლევა. რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს, ვენეციის კომისიას ნათქვამი აქვს, რომ ევროპულ სტანდარტებში ჯდება პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევა. ეს ისედაც ვიცოდით და ამაზე არავინ დავობდა. ქართველი ხალხის ასარჩევია, როგორ უნდა აირჩიოს პრეზიდენტი. ვენეციის კომისიისგან არც ველოდით, რომ ისინი ჩვენს ნაცვლად იმსჯელებდნენ, რომელი სისტემა გვირჩევნია ჩვენ. ჩვენ, „ევროპული საქართველო“, მთლიანად ოპოზიციური სპექტრი და სამოქალაქო საზოგადოების უდიდესი ნაწილი ვთვლით, რომ ჩვენი ტრადიციის ქვეყანაში პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა დემოკრატიის მეტი საფუძველია, მეტი გაწონასწორების საფუძველია და პარლამენტის მიერ პრეზიდენტის არჩევა იქნება საზიანო”, - განაცხადა ბოკერიამ.

რაც შეეხება სამომავლო ნაბიჯებს, როგორც ბოკერიამ აღნიშნა, მთავარი ნაბიჯი უნდა იყოს ამ ხელისუფლებისთვის არჩევნებზე უარის თქმა და არჩევნების გზით ამ ხელისუფლების შეცვლა.

”სხვა გზა არ არსებობს. ეს ადამიანები უგულებელყოფენ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო აზრს. თუ არ შევცვლით ხელისუფლებას, წინააღმდეგ შემთხვევაში გაგრძელდება ზიანის მიყენება ჩვენი ქვეყნისთვის. ის ზიანი, რომელიც მიადგა ამ პროცესში საქართველოს, წინ დაგვხვდება”, - განაცხადა ბოკერიამ და აღნიშნა, რომ 2020 წლის შემდეგ საკონსტიტუციო საკითხები ”ქართული ოცნების” გადასაწყვეტი აღარ იქნება, რადგან დღევანდელი მმართველი გუნდი პოლიტიკურ განაჩენს მიიღებს.