სოფიო ქაცარავას  შეხვედრა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებთან და ეუთო-ს ახალგაზრდული ქსელის კონფერენციის მონაწილეებთან

სოფიო ქაცარავას შეხვედრა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებთან და ეუთო-ს ახალგაზრდული ქსელის კონფერენციის მონაწილეებთან

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს ეწვია, სადაც ის სტუდენტებთან ერთად, ეუთო-ს ახალგაზრდული ქსელის კონფერენციას დაესწრო.

შეხვედრისას, სოფიო ქაცარავამ საქართველოს საგარეო პოლიტიკური  პრიორიტეტების შესახებ ისაუბრა და ამ კუთხით, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის საქმიანობა გააცნო.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება ეუთო-სთან თანამშრომლობაზე და ამ მიმართულებთ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის როლზე გამახვილდა.  სოფიო ქაცარავამ ღია მმართველობის პარტნიორობის შესახებაც ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებს.

„ძალიან მნიშვნელოვანია საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებსა და მიზნებთან დაკავშირებით სტუდენტების ინტერესი. მიხარია, რომ ამ თემების ირგვლივ ახალგაზრდების ასეთ ჩართულობას ვხედავ. ჩვენი საგარეო პოლიტიკა ძალიან მკაფიო და ნათელ ამოცანებზე დგას. ეს ჩვენი ევროპული და ევრო ატლანტიკური მისწრაფებაა და ჩვენ  ამ კურსის სისწორეში ყოველ დღე ვრწმუნდებით", - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

მან ბოლო დღეებში, გაეროში ჩვენი ქვეყნის წარმატებასაც გაუსვა ხაზი. „საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობის" ინიციატივის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა, რომელიც საფრანგეთისგან გადმოიბარა. ეს არის ქვეყნისთვის დიდი მიღწევა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმებითა და სწორი პოლიტიკითაა განპირობებული. ნათელია, რომ ქვეყანა ვითარდება სწორი გზით" - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

შეხვედრის ბოლოს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა და კომიტეტის თავმჯდომარემ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ახალგაზრდების როლის მნიშვნელობაზე  ისაუბრეს  და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.