აფგან მუხთარლის ოჯახს პროკურატურამ დაცვის ღონისძიებებში ჩართვა კიდევ ერთხელ შესთავაზა

აფგან მუხთარლის ოჯახს პროკურატურამ დაცვის ღონისძიებებში ჩართვა კიდევ ერთხელ შესთავაზა

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის ოჯახს პროკურატურამ დაცვის ღონისძიებებში ჩართვა კიდევ ერთხელ შესთავაზა. ამის შესახებ ჟურნალისტებს მუხთარლის ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა, პროკურატურაში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მეუღლის ლეილა მუსტაფაევას დაკითხვის შემდეგ განუცხადა.

ჩოფიკაშვილის თქმით, მათ აღნიშნულ შეთავაზებაზე გამომძიებლისთვის კონკრეტული პასუხი არ გაუციათ, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ დაცვის ღონისძიებებით მუხთარლის ოჯახი მხოლოდ მას შემდეგ ისარგებლებს, რაც საქმის გამოძიება სწორი კვალიფიკაციით წარიმართება და აფგან მუხთარლის და ლეილა მუსტაფაევას დაზარალებულის სტატუსს მიანიჭებენ.

"არსებობს იმის საჭიროება, რომ დაცვის ღონისძიებები გატარდეს ლეილა მუსტაფაევას, მისი შვილის და სხვა აზერბაიჯანელი აქტივისტების მიმართ, თუმცა ამაზე ჩვენ თანხმობას განვაცხადებთ მას შემდეგ, რაც გამოძიება სწორი კვალიფიკაციით წარიმართება და აღნიშნულ საქმეზე ლეილა მუსტაფაევას და აფგან მუხთარლის დაზარალებულის სტატუსი მიენიჭებათ", - განაცხადა არჩილ ჩოფიკაშვილმა.

მისივე თქმით, პროკურატურამ მათ ასევე საქმის მასალების გაცნობა შესთავაზა, რასაც დათანხმდნენ და ამ მასალებს მოგვიანებით გაეცნობიან. რაც შეეხება ლეილა მუსტაფაევას დაკითხვას, როგორც მუხთარლის ადვოკატმა აღნიშნა, კითხვები ძირითადად ფოტოზე არსებულ პირებს ეხებოდა.

"ვიდეო და ფოტომასალის გამოქვეყნებამ ძალიან დააჩქარა საქმის მიმდინარეობა და ფაქტობრივად თვითონ ამ პირების მხრიდანაც მოხდა თვითიდენტიფიკაცია. ამ ადამიანებზე ინფორმაცია გამოძიებას როგორც ჩვენი მეშვეობით ჰქონდა, ასევე საკუთარი წყაროებითაც მოიძიეს. ახლა მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები მათი იდენტიფიკაციისთვის და საქმესთან კავშირის დადგენის მიზნით. იმედს ვიტოვებთ, რომ საგამოძიებო ორგანო დროულად და სრულად შეასრულებს ამ საგამოძიებო მოქმედებებს და მოხდება იმ კითხვებზე პასუხის გაცემა, რომელიც საზოგადოებას და ჩვენც გვაქვს. დღეს დამატებითი კითხვები დაისვა ლეილასთან კონკრეტულ ფოტოებთან და დეტალებთან დაკავშირებით", - განაცხადა ადვოკატმა და აქვე დასძინა, რომ გამომძიებლისგან მიიღეს ინფორმაცია, რომ დაახლოებით ერთ კვირაში, აღნიშნულ საქმეზე დამატებითი ინფორმაცია იქნება ცნობილი, რასაც მათ დამატებით გააცნობენ.