საქართველო როგორც რეგიონში, ასევე საერთაშორისო მასშტაბით, რეგიონული კვანძის ადგილს იმკვიდრებს

საქართველო როგორც რეგიონში, ასევე საერთაშორისო მასშტაბით, რეგიონული კვანძის ადგილს იმკვიდრებს

საქართველო როგორც რეგიონში, ასევე საერთაშორისო მასშტაბით, რეგიონული კვანძის ადგილს იმკვიდრებს, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.

ელჩი გამოეხმაურა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლას და აღნიშნა, რომ ”მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რაც მსოფლიო ლიდერების მხრიდან გაერო-ს წლევანდელ სესიაზე დავინახეთ“.

ბაქრაძის შეფასებით, ეს ხელისუფლების სწორი და მიზანმიმართული მუშაობის შედეგია.

“გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 72-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლის დროს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მსოფლიო ლიდერებს მკაფიოდ გააცნო ის წარმატება, რომელსაც საქართველომ მიაღწია ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. ეს წარმატებები აღიარებულია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ და დაფიქსირებულია კვლევებში. ასევე მნიშვნელოვანია, რომ საქართველო როგორც რეგიონში, ასევე საერთაშორისო მასშტაბით, რეგიონული კვანძის ადგილს იმკვიდრებს. უმნიშვნელოვანესი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის გზავნილი იმ გამოწვევებთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს აქვს ოკუპაციის სახით. ამ კუთხით მნიშვნელოვანია, ის მხარდაჭერა, რაც ჩვენ მსოფლიო ლიდერების მხრიდან გაერო-ს წლევანდელ სესიაზე დავინახეთ და უნდა ითქვას, რომ ეს ხელისფლების სწორი და მიზანმიმართული მუშაობის შედეგია. ასევე, ეს გენერალური ასამბლეა იყო წარმატებული საქართველოსთვის გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო გახდა ღია მმართველობის პარტნიორობის თავმჯდომარე ქვეყანა, ეს არის აღიარება საქართველოს მთავრობის მიერ ინკლუზიური, გამჭირვალე, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გატარებული პოლიტიკისა, საქართველო გახდა ასევე ინოვაციური კომიტეტის პრეზიდენტი და საქართველოს წარმატებები ამ თვალსაზრისით იქნა აღიარებული”, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.