ჩვენ ვაშენებთ ყველაზე ეფექტიან მულტიმოდალურ სატრანზიტო ინფრასტრუქტურას, რომელიც განამტკიცებს ურთიერთობებს სახელმწიფოებსა და მოქალაქეებს შორის ევროპიდან აზიამდე

ჩვენ ვაშენებთ ყველაზე ეფექტიან მულტიმოდალურ სატრანზიტო ინფრასტრუქტურას, რომელიც განამტკიცებს ურთიერთობებს სახელმწიფოებსა და მოქალაქეებს შორის ევროპიდან აზიამდე

ჩვენ ერთი მხრივ ვახორციელებთ ინტეგრაციას ევროკავშირის შიდა ბაზარზე და, მეორეს მხრივ, ვიზიდავთ აზიის ბაზრებს, რაც აძლევს საქართველოს შესაძლებლობას, სრულად გამოიყენოს თავისი თავისუფალი ვაჭრობის ქსელები ჩვენი დროის ამ ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო წამოწყებაში, - ამის შესახხებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველომ, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით და მიაღწია ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციას; იმავდროულად, საქართველო გახდა პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელმაც ხელი მოაწერა ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას.

გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს წვლილს ინიციატივაში „ერთი სარტყელი - ერთი გზა“, რომელიც ხელს შეუწყობს ევროპასა და აზიას შორის მაღალი ღირებულების პროდუქციითა და მომსახურებით ვაჭრობაში და მნიშვნელოვნად შეამცირებს გადაზიდვებისათვის საჭირო დროს ევრაზიის პერიფერიის შემოვლით, ტრადიციულ საზღვაო მარშრუტებთან შედარებით.

"ამ დიდი წამოწყების ფარგლებში, აზია და ევროპა შეხვდებიან ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის მეშვეობით, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ თურქ და აზერბაიჯანელ პარტნიორებთან ერთად, ასევე საქართველოს შავი ზღვისპირეთში, უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად აშენებული ანაკლიის პორტის მეშვეობით. ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს შეეძლება ყველაზე დიდი ტევადობის გემების მიღება, რაც ბევრად გაზრდის საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობებს. ამ პორტს ააშენებს პროექტის რამდენიმე საერთაშორისო მონაწილე და მისი ოპერატორი იქნება ცნობილი ამერიკული კომპანია. დღეს, მიწისზედა ტრანსპორტით აღმოსავლეთ აზიიდან საქართველოში ჩამოსვლა შესაძლებელია 10-ზე ნაკლები დღის განმავლობაში, ხოლო ჩვენგან ევროპის ნებისმიერ პორტში ხუთ დღეში ჩახვალთ. ჩვენ ვაშენებთ ყველაზე ეფექტიან მულტიმოდალურ სატრანზიტო ინფრასტრუქტურას და ეს ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს შესაბამის კავშირებსა და პროცესებს, აგრეთვე განამტკიცებს ურთიერთობებს სახელმწიფოებსა და მოქალაქეებს შორის ევროპიდან აზიამდე. ეს არის ურყევი და არსებითი კავშირი საქართველოს მოქალაქეებისათვის ეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფასა და რეგიონში კეთილდღეობისა და მშვიდობის განმტკიცებას შორის", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.