როგორც ჩანს, მათ იციან ვენეციის კომისიის აზრი დარჩენილი მანდატების არასამრთლიანი გადანაწილების შესახებ და წინმსწრებად უნდათ, თავი მოიწონონ და საზოგადეობის წინაშე ეს გაასაღონ, როგორც საკუთარი ინიციატივა და არა, როგორც დათმობა ვენეციის კომისიის მოთხოვნებისადმი, - ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას საკონსტიტუციო რეფორმის თაობაზე.
როგორც რომან გოცირიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ოპოზიციის მთავრი მოთხოვნა იყო 2020 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა და პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის ჩაწერა კონსტიტუციაში. რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციის არც ერთი პრინციპული მოთხოვნა დაკმაყოფილებული არ არის.
„ჩვენი მთავარი მოთხოვნა ამას არ ეხებოდა, მიუხედავად იმისა, რომ იყო ბლოკბთან დაკავშირებული და სხვა უამრავი შენიშვნა კონსტიტუციაში, რომელსაც ხელოვნურად ვარიდებდით თავს, რათა უმრავლესობასთან გვესაუბრა არსებით საკითხებზე. ეს არსებითი საკითხები არის ის, რომ ქვეყანაში პროპორციული არჩევნები უნდა ჩატარდეს 2020 წელს და არა შვიდი წლის შემდეგ. შვიდი წლის შემდეგ ესენი თუ გაინაღდებენ კვლავ პარლამენტში ადგილებს, კონსტიტუციასაც შვიდჯერ შეცვლიან, ისევე მოირგებენ საკუთარ თავზე, როგორც ახლა მოირგეს. ამიტომ მათთვის სტრატეგიული ამოცანა არის 2020 წლამდე ნებისმიერ გზით სასათბურე პირობების შექმნა. ოპოზიციის პრინციპული მოთხოვნაა, რომ ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდეს ისე, როგორც მოსახლეობის 90%-ს სურს - საქართველოში პრეზიდენტი არჩეული უნდა იყოს პირდაპირი წესით და არა ხმოსნების მიერ. ეს ასევე, არ უნდა იყოს ერთჯერადი წყალობა 2020 წლისათვის“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საკონსტიტუციო რეფორმის საკითხზე განცხადებას ავრცელებს. „პროპორციული სისტემა 2024 წელს ბონუსის გარეშე ამოქმედდება, 2020 წელს კი ბლოკები ერთჯერადად დარჩება.
კონსულტაციების საფუძველზე, მმართველი გუნდი შეჯერდა ორ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციაში აისახება:
- ერთჯერადად, მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება პოლიტიკურ პარტიებთან ერთად, საარჩევნო ბლოკებსაც მიენიჭებათ;
- მომდევნო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, პროპორციული საარჩევნო სისტემა ამოქმედდება ე.წ. ბონუსის გარეშე და მანდატები პროპორციულად განაწილდება ყველა იმ პარტიაზე, რომელიც არჩევნებში ხმათა ხუთ პროცენტზე მეტს მიიღებს.
შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტს ინიციატივის წესით წარედგინება უახლოეს მომავალში და იგი მიიღება პარლამენტის შემდგომი სესიის დასრულებამდე“, - ნათქვამია ირაკლი კობახიძის განცხადებაში.