საქართველოში ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი აცხადებს, რომ ყოფილი ევროპარლამენტარის, ჯულიეტო კიეზას განცხადებებს დიდი ყურადღება არ უნდა მივაქციოთ. ჰერმანმა ჟურნალისტებთან საუბარში ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით კიეზას განცხადებების საპასუხოდ აღნიშნა, რომ ევროპარლამენტის დღის წესრიგი მისი აქტიური, ამჟამინდელი წევრების მიერ არის შედგენილი.
”ეს კომენტარები ბატონ კიეზას ეკუთვნის. მან მსგავსი განცხადებები შარშანაც გააკეთა და სავარაუდოდ, მომავალ წელსაც ასე მოიქცევა. თუმცა, ამ ყოველივეს არავითარი აზრი არა აქვს და ჩემი აზრით, დიდი ყურადღება არც უნდა მივაქციოთ. ევროპარლამენტის დღის წესრიგი მისი აქტიური, ამჟამინდელი წევრების მიერ გახლავთ შედგენილი და ამასთანავე, ნება მომეცით, შეგახსენოთ, რომ გუშინ გაიმართა საქართველო-ევროპარლამენტის ასოცირების კომიტეტის სხდომა და ძალიან მკაფიო განცხადებები გაკეთდა ევროკავშირის პოზიციის შესახებ, რომ ის მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საყოველთაოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩემი აზრით, ამ მხრივ არაფერი შეიცვლება”, - განაცხადა ჰერმანმა.
ევროპარლამენტის ყოფილი დეპუტატი, იტალიელი ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე ჯულიეტო კიეზა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ”პრეზიდენტის” ევროპარლამენტში გამოსვლის ორგანიზებას გეგმავს. ამის შესახებ მან ”სპუტნიკ-ოსეტიას” განუცხადა.
კიეზამ ასევე აღნიშნა, რომ შეეცდება დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ”პრეზიდენტი” ბრიუსელში დაპატიჟოს, რათა ის ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდეს და მოუყვეს ევროდეპუტატებს ”რესპუბლიკის”, მისი ისტორიისა და ხალხის შესახებ.
”უახლოეს თვეებში ჩემი მიზნის განხორციელება რთული იქნება. ეს იქნება ფუნდამენტური მოვლენა, რომელიც, რა თქმა უნდა, დიდ სკანდალს გამოიწვევს. რამდენიმე დეპუტატი მზად არის მხარი დაგვიჭიროს. ევროპარლამენტის კერძო დეპუტატს აქვს უფლება სხვადასხვა ღონისძიებები დაგეგმოს, ამიტომ ჩვენ შევაგროვებთ დეპუტატთა ჯგუფს, რომლებიც პრეზიდენტს ან საგარეო საქმეთა მინისტრს დაპატიჟებენ. მე ძალიან გამიხარდება, თუ ჩვეს ეს გამოგვივა”, - განაცხადა კიეზამ.