რობერტ ლოუსონი საქართველოში ეკონომიკური რეფორმების მიმდინარეობის პროცესს დადებითად აფასებს

რობერტ ლოუსონი საქართველოში ეკონომიკური რეფორმების მიმდინარეობის პროცესს დადებითად აფასებს

ფრეიზერის ინსტიტუტის (Fraser Institute) „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგის ერთ-ერთი ავტორი,  პროფესორი რობერტ ლოუსონი  საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ რეფორმებსა და ეკონომიკურ სისტემას დადებითად აფასებს. რობერტ ლოუსონმა   დღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში შეხვედრა გამართა, სადაც საქართველოს ეკონომიკური რეფორმების დღის წესრიგის რამდენიმე მთავარი თემა განიხილეს.

ეკონომიკის სამინისტროს ეკონომიკური რეფორმების სამმართველოს უფროსის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, სადაც საუბარი წარიმართა საქართველოს ეკონომიკური რეფორმების დღის წესრიგის რამდენიმე მთავარი თემის გარშემო, მათ შორის იყო საჯარო-კერძო პარტნიორობის საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავება, საპენსიო რეფორმა, კაპიტალის ბაზრის რეფორმა, გადახდისუუნარობის რეფორმა  და სხვა. „შევთანხმდით, რომ ეს რეფორმები ძალიან მნიშვნელოანია საქართველოში ბიზნესის კეთების კიდევ უფრო გამარტივებისა და ეფექტიანობის თვალსაზრისით. შეხვედრამ მოგვცა საშუალება, რომ ეკონომიკის იმ მიმართულებების იდენტიფიცირება მოგვეხდინა, სადაც კიდევ არსებობს ბიზნესის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული რეფორმების განხორციელების პოტენციალი“,- აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა. 

ახალი ეკონომიკური სკოლის პრეზიდენტის,  პაატა შეშელიძის შეფასებით, მნიშვნელოვანი იყო, რომ სხვადასხვა სამინისტროების წარმომადგენლებთან მომხდარიყო განხილვა, თუ რა შეიძლება გაკეთდეს ამ ინდექსში ჩვენი ქვეყნის დაწინაურებისთვის. „ვფიქრობ, შეხვედრაზე იყო ერთსულოვნება, რომ ეს მნიშვნელოვანი საქმეა. გამოითქვა თანამშრომლობის და კოოპერაციის ინტერესი, რაც მე მახარებს, რადგან ეკონომიკური თავისუფლება, საბოლოო ჯამში,  მხოლოდ პირველი და მეორე ადგილი კი არ არის, არამედ რეალური გავლენაა ყოველდღიურ ცხოვრებაზე“- განაცხადა შეშელიძემ.