აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო გაერო-ს სტრუქტურების მუშაობაში რესპუბლიკის ჩართვას ითხოვს

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო გაერო-ს სტრუქტურების მუშაობაში რესპუბლიკის ჩართვას ითხოვს

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო გაერო-ს სტრუქტურების მუშაობაში რესპუბლიკის ჩართვას ითხოვს, - ამის შესახებ ე.წ. საგარეო უწყების სპეციალურ განცხადებაშია ნათქვამი.

”გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას პოლონეთის, სლოვაკეთის, თურქეთის, ლიტვისა და ესტონეთის ლიდერებმა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს.

ევროპული ქვეყნების ლიდერები საკუთარი პოლიტიკური ილუზიების ტყვეობაში რჩებიან და კვლავ იყენებენ იმ პროპაგანდისტულ შტამპებს, რომლებსაც საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობას თავს ახვევს. სამწუხაროდ, მსგავს პოლიტიზირებულ და ცალმხრივ შეფასებებს რეგულარულად აკეთებენ მაღალი დონის დასავლელი პოლიტიკოსები, რომლებსაც ქართულ-აფხაზური კონფლიქტის პოლიტიკურ, სამართლებრივ და ისტორიულ ასპექტებზე ძალიან ზედაპირული წარმოდგენა აქვთ.

აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვთხოვთ გაერო-ს გენერალურ მდივანს მიაქციოს ყურადღება ორგანიზაციის პროფილურ სტრუქტურებში აფხაზეთის რესპუბლიკის წარმომადგენლების მონაწილეობის მისაღებად მექანიზმის შექმნის აუცილებლობას. გაერო-ს მაღალი ტრიბუნიდან ფართო საერთაშორისო აუდიტორიისათვის აფხაზეთის პოზიციის მიტანა საქართველოსა და აფხაზეთს შორის თანასწორუფლებიანი დიალოგისთვის პირობების შექმნას და ქართულ-აფხაზური წინააღმდეგობის ეტაპობრივ მოგვარებას შეუწყობს ხელს”, - ნათქვამია ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.