თითებზე ჩამოსათვლელია ის ქვეყნები, რომლებიც სამხრეთ ოსეთს აღიარებენ და არც ერთი მათგანი ევროკავშირი წევრი არ არის

თითებზე ჩამოსათვლელია ის ქვეყნები, რომლებიც სამხრეთ ოსეთს აღიარებენ და არც ერთი მათგანი ევროკავშირი წევრი არ არის

თქვენ თითებზე შეგიძლიათ ჩამოთვალოთ ის ქვეყნები, რომლებიც სამხრეთ ოსეთს აღიარებენ და არც ერთი მათგანი ევროკავშირი წევრი არ არის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ამერიკის ელჩმა იან კელიმ განუცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში ევროპარლამენტის ყოფილი დეპუტატის, იტალიელი ჟურნალისტისა და საზოგადო მოღვაწის, ჯულიეტო კიეზას და იტალიური დელეგაციის ჩასვლის ფაქტთან დაკავშირებით.

„არც ამერიკის შეერთებული შტატები, არც ევროკავშირის წევრი რომელიმე ქვეყანა, არც სხვა ქვეყნები აღიარებენ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას. მაგალითისთვის, თქვენ თითებზე შეგიძლიათ ჩამოთვალოთ ის ქვეყნები, რომლებიც სამხრეთ ოსეთს აღიარებენ და არც ერთი მათგანი ევროკავშირის წევრი არ არის. რა საკვირველია, ეს ვიზიტი იქნება აბსოლუტურად არაოფიციალური და მას არ ექნება არავითარი მნიშვნელობა. და მიუხედევად იმისა, რომ ჩვენ არ ვართ ევროკავშირის წევრი, მე დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირის პოზიციაც იქნება ანალოგიური“, – განაცხადა ამერიკის ელჩმა საქართველოში იან კელიმ.

ევროპარლამენტის ყოფილი დეპუტატი, იტალიელი ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე ჯულიეტო კიეზა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ”პრეზიდენტის” ევროპარლამენტში გამოსვლის ორგანიზებას გეგმავს. ამის შესახებ მან ”სპუტნიკ-ოსეტიას” განუცხადა. ოსური მედიის ინფორმაციით, ცხინვალში კიეზა იტალიურ დელეგაციასთან ერთად ჩავიდა, სადაც იტალიის ქალაქ ამატრიჩეში გასულ წელს მომხდარი მიწისძვრის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოს უნდა გამართულიყო. კიეზამ ასევე აღნიშნა, რომ შეეცდება დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ”პრეზიდენტი” ბრიუსელში დაპატიჟოს, რათა ის ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდეს და მოუყვეს ევროდეპუტატებს ”რესპუბლიკის”, მისი ისტორიისა და ხალხის შესახებ.