საერთაშორისო დღის წესრიგში საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი კვლავაც მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს ამერიკის ელჩმა საქართველოში იან კელიმ განუცხადა.
ელჩმა კომენტარი გააკეთა შეკითხვაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საერთაშორისო დონის შეხვედრების დღის წესრიგში საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი.
„ამის საუკეთესო გამოხატულება, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ამერიკის მთავრობის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და მთლიანობის დაცვას, არის თუნდაც ის ფაქტი, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში პირველი სამი თვის განმავლობაში პრეზიდენტი, ვიცე–პრეზიდენტი და სახელმწიფო მდივანი შეხვდნენ საქართველოს პრემიერ მინისტრს. ეს იყო ძალიან დიდი გამოხატულება ჩვენი მხარდაჭერისა. გარდა ამისა, თქვენ მომავალშიც იხილავთ ჩვენს კიდევ უფრო მეტ ჩართულობას ამ მიმართულებით. მე ვგულისხმობ, იმ პროექტებსა და პროგრამებს, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის დაცვის კუთხითაა მიმართული. მისი უნარის განმტკიცებით, რომ ქვეყანამ შეძლოს საკუთარი ტერიტორიების დაცვა. ვფიქრობ, ამერიკის დღის წესრიგში საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხს. ასევე, ზოგადად, საერთაშორისო დღის წესრიგში საქართველოსა და ასევე უკრაინის საკითხი ფართოდ განიხილება“, – განაცხადა იან კელიმ.