„პოლიტიკოსი, პარლამენტის წევრი საკუთარი განცხადებების გამო მართლმსაჯულების წინაშე ვერ წარსდგება და ამის პასუხისმგებლობა არ ექნება, თუმცა მას გააჩნია მორალური და პოლიტიკური პასუხისმგებლობა", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას.
დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, რომ ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში ყოფნის დროს ტყუილებისა და დეზინფორმაციული მანქანის მეშვეობით მართავდა ქვეყანას, ხოლო ოპოზიციაში ყოფნის დროს ტყუილი და დეზინფორმაცია გახდა მათი პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტი და მექანიზი.
„საზოგადოებას მინდა გავახსენო ორიოდე მაგალითი ტყუილის და დეზინფორმაციის, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს მთელმა საზოგადოებამ და მსოფლიომ იხილა. ერთი მაგალითი ეს არის განმუხურის შემთხვევა, როდესაც ნაციონალური ხელისუფლების წარმომადგენლები აჯერებდნენ სრულიად საქართველოს, რომ რუსული სამხედრო მანქანა განრისხებული მიხეილ სააკაშვილის წინაშე უკან იხევს.
მეორე ფაქტი ეს იყო გურიაში ჩატარებული ე.წ. კალანდობის დღესასწაულის ინსცენირება, სადაც მრავალი თეატრალური დასი მონაწილეობდა და მთელ საქართველოს აჩვენებდნენ, თუ როგორ მიბრძანდება პრეზიდენტი უბრალო გურულ ოჯახში, როგორ ხვდება ის კალანდობას და ა.შ.
ეს ყველაფერი იყო ტყუილი და დეზინფორმაცია და ტყუილი და დეზინფორმაცია კვლავ რჩება ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების ყოველდღიური დღის წესრიგად, მათ ამის გარეშე ყოფნა არ შეუძლიათ",- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.
მისი თქმით, ოპონენტების მხრიდან ბოლო პერიოდშიც მრავალი ტყუილი და ცილისწამება იქნა გაჟღერებული.
„გავიხსენოთ ფაქტები. პირველი - კახი კალაძესთან მიმართებაში ვერაფერი ნახეს და პირდაპირი ტყუილი იყო მშენებლობასთან გასული რეპორტაჟი რუსთავი 2-ის ეთერში. საზოგადოებამ შემდგომში ძალიან კარგად დაინახა, რომ ეს იყო სრული ცილისწამება.
კიდევ ერთი ფაქტი შეეხება იმ ინფორმაციას, რომ თითქოს პარლამენტის წევრები სამეწარმეო საქმიანობას ეწევიან. ძალიან მარტივად ასახსნელი საკითხია ეს. არ მგონია, რომ აქ ადგილი აქვს არაკომპეტენტურობას, აქ უფრო შორს გათვლილი ნაბიჯია იმისთვის, რომ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში, თითქოს პარლამენტის წევრი პარალელურად კიდევ სამეწარმეო საქმიანობას ეწევა. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის და თქვენ ვერ შეიყვანთ საზოგადოებას შეცდომაში",-აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის განცხადებით, ასევე სიცრუე ითქვა საარჩევნო გარემოსთან მიმართებაში. მისივე თქმით, საარჩევნო კუთხით, ძალადობის არც ერთი ფაქტი არ არსებობს საქართველოში.
დავით მათიკაშვილმა ისაუბრა, ასევე ბანკ „ქართუსთან", გუშინ, „ნაციონალური მოძრაობის" მიერ გამართულ აქციაზე
„ნიკანორ მელია იყო ის ადამიანი, რომელიც იყო რა აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელი, ცდილობდა ბანკ „ქართუს" გაკოტრებას 2011-2012 წლებში. მან ეს ვერ შეძლო და ახლა უკვე მეორედ მივიდა „ქართუსთან" ხელმოცარული. საქართველოს ახსოვს ის უპრეცენდენტო მხარდაჭერა, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ მაშინ ბანკ „ქართუს" აღმოუჩინა. მაშინ, როდესაც მთელი სახელმწიფო მექანიზმი ებრძოდა „ქართუს", საზოგადოებამ, იმ მრავალათასიანი რიგით დააფიქსირა მისი მხარდაჭერა კომერციული სტრუქტურის მიმართ. ეს არის ნაციონალური მოძრაობის მხრიდან სრულიად სასირცხვილო",-აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.