ეკონომიკური მაჩვენებლის ზრდა მთავრობის სწორი და თანმიმდევრული ეკონომიკის პოლიტიკის შედეგია.

ეკონომიკური მაჩვენებლის ზრდა მთავრობის სწორი და თანმიმდევრული ეკონომიკის პოლიტიკის შედეგია.

„ეკონომიკური მაჩვენებლის ზრდა, მთავრობის სწორი და თანმიმდევრული ეკონომიკის პოლიტიკის შედეგია", - განაცხადა დავით სონღულაშვილმა, რომელმაც პლენარულ სხდომაზე სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე გაამახვილა ყურადღება.

„2017 წლის მეორე კვარტლის ეკონომიკურმა ზრდამ 4,7 % შეადგინა, ნაცვლად დაგეგმილი 4 %-ისა. შესაბამისად, მიმდინარე წლის პირველი ორი კვარტლის ეკონომიკური ზრდა 4,9%-ია. ეკონომიკურ ზრდაში წამყვანი როლი კერძო სექტორს უჭირავს. პოზიტიური ტენდენცია შეინიშნება კერძო სექტორში ხელფასების ზრდის თვალსაზრისით. 2017 წლის მეორე კვარტალში დასაქმებულის საშუალო ხელფასი 10 %-ით გაიზარდა. 7 თვის მონაცემებით, ხელფასები  8,7 %-ით გაიზარდა. ხელფასების თვალსაზრისით, 0,6%-იანი კლებაა საჯარო სექტორში ხოლო, 12%-იანი ზრდა კერძო სექტორში", - განაცხადა დავით სონღულაშვილმა. მისივე თქმით, პირველ კვარტალში ბიზნეს სექტორში დაახლოებით 30 000 სამუშაო ადგილი შეიქმნა. დეპუტატის განცხადებით, ეკონომიკის ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესებამ.   „2017 წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებით, საქონლის ექსპორტი 28 %-ით გაიზარდა. გარდა ამისა, ეკონომიკურ ზრდაში პოზიტიური წვლილი ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა, შეიტანა რომელმაც დაახლოებით 2 მლრდ დოლარი შეადგინა. ეს, ცხადია, მთავრობის სწორი და თანმიმდევრული ეკონომიკის პოლიტიკის შედეგია, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას და ეკონომიკის დივერსიფიკაციას. ეს მოგვცემს ეკონომიკის ზრდის დაჩქარებას და რაც თითოეული ჩვენი მოქალაქის კეთილდღეობაზე აისახება", - განაცხადა დავით სონღულაშვილმა ეკონომიკის მიმართულებით პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ, გამოთქმული განცხადებების საპასუხოდ.

დეპუტატმა რთველის პროცესის მიმდინარეობაზეც გაამახვილა ყურადღება და როგორც აღნიშნა, ის საკმაოდ კარგად და ორგანიზებულად მიმდინარეობს. მისივე თქმით, შარშანდელთან შედარებით ფასი დაახლოებით 30%-ით გაზრდილია.