საქართველო გახდა ღია მმართველობის პარტნიორობის თავმჯდომარე ქვეყანა, რაც  ძალიან საამაყო ფაქტი და საერთაშორისო აღიარებაა

საქართველო გახდა ღია მმართველობის პარტნიორობის თავმჯდომარე ქვეყანა, რაც ძალიან საამაყო ფაქტი და საერთაშორისო აღიარებაა

„19 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებაზე, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ოფიციალურად გადასცა OGP-ს თავმჯდომარე ქვეყნის როლი. საქართველო გახდა ღია მმართველობის პარტნიორობის თავმჯდომარე ქვეყანა, რაც უდაოდ არის ძალიან საამაყო ფაქტი და საერთაშორისო აღიარება",- ამის შესახებ განცხადება  ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრმა, კახაბერ კუჭავამ დღეს, პლენარულ სხდომაზე გააკეთა.

პარლამენტის წევრის განმარტებით, ღია მმართველობის პარტნიორობა, რომელიც 2011 წელს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ობამას ინიციატივით დაფუძნდა, 75 წევრს აერთიანებს და ღია მმართველობის, გამჭვირვალობის, მოქალაქეების ჩართულობის გაძლიერებას, კორუფციასთან ბრძოლის, ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვას ითვალისწინებს. მისივე თქმით, ჩამოთვლილი მიზნების მიღწევასა და OGP-ს საქმიანობის ზედამხედველობის განხორციელებაში  პარლამენტი, მთავრობა, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაცია მონაწილეობს.

„OGP დაფუძნდა 2011 წელს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ინიციატივით და დღეს უკვე 75 წევრი ჰყავს და რა თქმა უნდა, უფრო ბევრი მსურველიც. თუმცა, სურვილი მარტო საკმარისი არ არის, აქ მნიშვნელოვანია ის ვალდებულებები, რომლებსაც ქვეყანა იღებს როგორც OGP-ს წევრი. პირველ რიგში, ეს არის მიერთება ამ დეკლარაციაზე, სამოქმედო გეგმის შემუშავება, რაც აუცილებელია, რომ საჯარო კონსულტაციების შედეგად იქნას მიღწეული და რა თქმა უნდა, ის ანგარიშგება, რომელიც ამ გეგმის შესრულებას უკავშირდება. ვინაიდან საკანონმდებლო ორგანო ქმნის იმ სამართლებრივ ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც მოქმედებს აღმასრულებელი ხელისუფლება, პარლამენტის ჩართულობა OGP-ს პრინციპების იმპლემენტაციაში აუცილებელი და ძალიან მნიშვნელოვანია",- განაცხადა კახა კუჭავამ.

დეპუტატმა  ამ საქმეში მერვე მოწვევის პარლამენტის მიერ შეტანილი დიდი წვლილი აღნიშნა და განაცხადა, რომ საქართველო პირველი ქვეყანაა აღმოსავლეთ ევროპაში, რომელმაც ღია მმართველობის პარტნიორობის მაღალი დონის ღონისძიებას უმასპინძლა.

„უნდა აღვნიშნოთ ის დიდი შრომა და ძალისხმევა, რომელიც წინა, მერვე მოწვევის პარლამენტმა გაიღო ამ კუთხით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოხდა ამის მსოფლიო დონეზე აღიარება. 2015 წელს მექსიკის გლობალურ სამიტზე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობისთვის ღია მმართველობის ჩემპიონის ჯილდო გადაეცა, რასაც მოჰყვა კიდეც რეგიონალური ღონისძიება, კონფერენცია საქართველოში, თბილისში და უნდა ვთქვათ, რომ საქართველო პირველი ქვეყანაა აღმოსავლეთ ევროპაში, რომელმაც პარტნიორობის ასეთი მაღალი დონის შეხვედრას უმასპინძლა. დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობა მიიღო ქვეყნისთვის ამ საამაყო საქმეში",- განაცხადა დეპუტატმა.

ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრმა ხაზგასმით საქართველოს პარლამენტის როლი ღია მმართველობის პრინციპების იმპლემენტაციაში.

„OGP-ს ფარგლებში უმნიშვნელოვანესია პარლამენტის და თითოეული პარლამენტის წევრის ჩართულობის გაზრდა ამ პრინციპების იმპლემენტაციაში და ცნობიერების ამაღლების კუთხით. ღია პარლამენტის საქართველოს 2017 წლის სამოქმედო გეგმა მოიცავს ბევრ საკითხებს. რამდენიმეს გამოვყოფ:  მოქალაქეების მონაწილეობისა და  მათი ჩართულობის კიდევ უფრო მაღალ ხარისხზე აყვანა, საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა, ანგარიშვალდებულება, გამჭვირვალეობა და რაც ყველაზე მთავარია, ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების გამოყენება, რომლის გარეშეც დღეს სამომავლო ნაბიჯების დაგეგმვა ფაქტობრივად შეუძლებელია. წარმატება მინდა ვუსურვო საქართველოს ამ უმნიშვნელოვანესი მისიის შესრულებაში და დარწმუნებული ვარ, რომ ერთი წლის თავზე, როდესაც ჩვენ სხვა ქვეყანას გადავცემთ თავმჯდომარეობას, ჩვენ ვიქნებით ამაყები, თუ რა წვლილი შევიტანეთ მსოფლიოში ღია, გამჭვირვალე, დემოკრატიული მმართველობის დანერგვასა და განვითარების კუთხით",- განაცხადა კახა კუჭავამ.