ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ნაბიჯებს გმობს

ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ნაბიჯებს გმობს

ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი გმობს მიმდინარე ოკუპაციას და რუსეთის ფედერაციის მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მიერთებისკენ მიმართულ ზომებს, რაც რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებებს ეწინააღმდეგება.

ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მიერ მიღებულ განცხადებაში.

კომიტეტი მოუწოდებს რუსეთს, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიხედვით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს და ოკუპირებული ტერიტორიებიდან საკუთარი შეიარაღებული ძალები გაიყვანოს.

„კომიტეტი გმობს რუსეთის ნაბიჯებს, რომლებიც ადგილებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული სიტუაციის გაუარესებას იწვევს, მათ შორის საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ინტენსიურ მილიტარიზაციას, მავთულხლართების გამბას, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას, უკანონო დაკავებებს და გატაცებებს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირების უფლებების უხეშ დარღვევებს, რასაც სულ უფრო მეტად ახასიათებს ეთნიკური კუთხით დისკრიმინაციის ნიშნები.

ასევე კომიტეტი აუცილებლად მიიჩნევს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შეუზღუდავი წვდომის უზრუნველყოფას“, - ნათქვამია კომიტეტის განცხადებაში.

კომიტეტმა განცხადება და რეკომენდაციები დღეს მიიღო.

”საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი მიესალმება ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავებას, რომელიც წელს ევროკავშირი-საქართველოს ასოციაციის დღის წესრიგის მიხედვით ახალ მნიშვნელოვან მიღწევებში გამოიხატა. კერძოდ, 2017 წლის 28 მარტს ძალაში ევროკავშირსა და საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლა შევიდა, 2017 წლის 1-ელ ივლისს კი საქართველო ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულებას შეუერთდა”, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.