გვსურს კონსტიტუციაში ვენეციის კომისიის დასკვნები ასახული ვიხილოთ

გვსურს კონსტიტუციაში ვენეციის კომისიის დასკვნები ასახული ვიხილოთ

კონსტიტუციის რეფორმის პროცესში გვსურს ვიხილოთ კონსტიტუციაში ასახული ვენეციის კომისიის დასკვნები, - ამის შესახებ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარე საჯად კარიმმა, მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმის თაობაზე დასმული კითხვის პასუხად მან ისიც აღნიშნა, რომ “გრძნობენ მყარ ნიადაგს და ჯერჯერობით არის ყველა საკმარისი მტკიცებულება იმისთვის, რომ ცვლილებები სწორი მიმართულებით ხორციელდება და საბოლოო პროექტი მისაღები იქნება“.

“საქართველოს პარლამენტის სპიკერი ძალიან აქტიურად იყო ჩართული სამუშაო პროცესში ევროპის პარლამენტთან ერთად. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მომზადების პერიოდის განმავლობაში მთელი ეს დიალოგი გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ რეფორმების პროგრამა შეესაბამება არა მხოლოდ საქართველოს პარლამენტის, არამედ ხალხის და სამოქალაქო საზოგადოების ხედვას. გარდა ამისა, მისგან მივიღეთ რწმუნება, რომ ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია კონსტიტუციაში იქნება ასახული და რომ ეს პროცესი დასრულდება იმგვარად, რომ ყველაფერი შესაბამისობაში იქნება ვენეციის კომისიის დასკვნებთან. ჩვენ კონსტიტუციის რეფორმის პროცესში გვსურს ვიხილოთ კონსტიტუციაში ასახული ვენეციის კომისიის დასკვნები. ძალიან დიდ იმედს გვაძლევს ის ფაქტი, რომ საქართველოს მთავრობამ, საქართველოს პარლამენტის წევრებმა და მისმა თავმჯდომარემ ასეთი დაპირება მოგვცეს“, - განაცხადა საჯად კარიმმა.

საქართველოს პარლამენტში ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეხუთე სხდომა გაიმართა.