საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი, "ღია მმართველობის პარტნიორობის" ფარგლებში განსახორციელებელ ოთხ ძირითად მიზანს განმარტავს.
"საფრანგეთის პრეზიდენტმა, საქართველოს პრემიერს "ღია მმართველობის პარტნიორობის" თავმჯდომარეობა გადმოაბარა. საქართველო ერთი წლის განმავლობაში ამ ორგანიზაციას უხელმძრვანელებს. პრემიერმა, თავის გამოსვლაში, ხაზი გაუსვა იმ ოთხ ძირითად სტრატეგიულ მიმართულებას, რომლის გარშემოც ჩვენ, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ვიმუშავებთ. პირველი - ეს არის კრეატივის, ახალი ტექნოლოგიების გამოყენება სახელმწიფო რეფორმებში, სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად. მეორე - გახლავთ კორუფციასთან ბრძოლა. პრემიერმა აღნიშნა, კორუფციასთან ბრძოლა, ძალიან ხშირად არ არის ერთხელ და სამუდამოდ მიღწეული მიზანი, მასთან ბრძოლას ყოველდღიური შრომა სჭირდება. სწორედ ეს არის ჩვენი პრიორიტეტი. პრემიერმა თავის სიტყვაში აღნიშნა, რომ საქართველო არის ქვეყანა, სადაც სოფლებშიც კი ხელმისაწვდომია სახელმწიფო სერვისები. გვაქვს ასევე „ბიზნეს სახლის“ ინიციატივა. მეოთხე - მიზანი არის ის, რომ ჩვენ უფრო მაღალ დონეზე ავიყვანოთ სახელმწიფოსა და საზოგადოების თანამშრომლობა, იმისთვის რომ ქვეყნები იყოს უკეთესად მართული. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის მომავალი ერთი წელი", - აცხადებს წულუკიანი.
მინისტრის განმარტებით, „საქართველოსთვის 75 ქვეყნის ნდობა, რომ ის გამხდარიყო მათი წარმომადგენელი სახელმწიფო, არის იმის ნიშანი, რომ ქვეყნის რეფორმებმა, ქვეყნის სწორ გზაზე სიარულმა, დემოკრატიის გზაზე პროგრესმა, მას მისცა ის როლი რომელსაც ხელმძღვანელის როლი ჰქვია. ჩვენ მზად ვართ, რომ რეფორმები ჩვენს პარტნიორებს გავაცნოთ და გაისად როდესაც ჩვენ გადავაბარებთ თავმჯდომარეობას, გვქონდეს მნიშვნელოვანი მიღწევები", - აცხადებს წულუკიანი.
საქართველო OGP-ის რიგით მე-6 თავმჯდომარე ქვეყანაა. დღემდე მისი თავმჯდომარე ქვეყნები იყვნენ ისეთი წარმატებული ქვეყნები, როგორებიც არიან დიდი ბრიტანეთი, ინდონეზია, მექსიკა, სამხრეთ აფრიკა, საფრანგეთი.
OGP-ის თავმჯდომარეობა გაეროს 72-ე სესიის ფარგლებში საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მარკონმა დღეს პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს გადმოაბარა.