საქართველოს მთავარი პროკურორი პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP)  22-ე ყოველწლიურ კონფერენციას და ასოციაციის წევრთა გენერალურ შეხვედრას დაესწრო

საქართველოს მთავარი პროკურორი პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 22-ე ყოველწლიურ კონფერენციას და ასოციაციის წევრთა გენერალურ შეხვედრას დაესწრო

საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე მოადგილესთან გიორგი გოგაძესთან ერთად  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გამართულ პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 22-ე ყოველწლიურ კონფერენციას და ასოციაციის წევრთა გენერალურ შეხვედრას დაესწრო.

ქ. პეკინში გამართულ ღონისძიებებს მსოფლიოს ყველა რეგიონიდან პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის წევრი ორგანიზაციების 500-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა.  რეგიონში მართლმსაჯულების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საქართველოს პროკურატურა და მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტის გერჰარდ იაროშის მიერ დაჯილდოვდა. კონფერენციაზე განხილული იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა საპროკურორო უწყებები საზოგადოების კეთილდღეობის სამსახურში, მსოფლიოს საპროკურორო უწყებების  წინაშე არსებული გამოწვევები და განვითარების შესაძლებლობები, ციფრული დანაშაულის ეპოქაში სპეციალიზირებული საერთაშორისო ქსელების და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობა სისხლისსამართლის პოლიტიკის წარმოებისას და სხვა.

პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის 22-ე ყოველწლიურ კონფერენციას და ასოციაციის წევრთა გენერალურ შეხვედრას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის უზენაესმა სახალხო პროკურატურამ  უმასპინძლა. საქართველოს მთავარი პროკურორი და  ხელმძღვანელი პირები ღონისძიებას ოფიციალური მიწვევის საფუძველზე დაესწრნენ.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გენერალურ პროკურორთან ქა ძიანმინთან გამართა შეხვედრა.  ორმხრივი შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა უწყებებს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

პროკურორთა საერთაშორისო ასოციაცია (IAP) 1995 წელს დაარსდა და პროკურორთა ერთადერთ საერთაშორისო ორგანიზაციას წარმოადგენს, რომელიც 171 ქვეყნის 172 საპროკურორო უწყებას და 3000 ინდივიდუალურ წევრს აერთიანებს. საქართველოს პროკურატურა პროკურორთა საერთაშორისო  ასოციაციის ორგანიზაციული წევრია.