მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის მოვალეობებში მთელ მსოფლიოში მშვიდობის დაცვა შედის, ის საქართველოს დაესხა თავს, ყირიმის ოკუპაცია მოახდინა და პირდაპირ მონაწილეობს უკრაინის აღმოსავლეთში გაჩაღებულ ომში, რითაც პირდაპირ არღვევს გაეროს ქარტიას, - ამ სიტყვებით გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ მსოფლიო ლიდერებს მიმართა.
გრიბაუსკაიტეს თქმით, მისი სიტყვების ერთ-ერთი დადასტურება რუსულ-ბელარუსული სწავლებებია.
”ეს სწავლებები იმაზე მიანიშნებს, რომ კრემლი დასავლეთის მიმართ საკუთარ სიძულვილს ვერ უმკლავდება. ამ სწავლებების დროს კრემლი საკუთარ არმიას დასავლეთზე თავდასხმას ასწავლის”, - აღნიშნა გრიბაუსკაიტემ.
მიუხედავად იმისა, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის მიმდინარე სესიაზე მთავარი ყურადღება ჩრდილოეთ კორეას, ირანს და მიანმარში შექმნილ სიტუაციას ეთმობა, ლიტვის პრეზიდენტმა მსოფლიოს ლიდერებს მოუწოდა, ყურადღება მიაქციონ აღმოსავლეთ ევროპას, სადაც რუსეთი ”შანტაჟის, დაცინვის და აგრესიის მეთოდებს იყენებს”.