საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ფედერიკა მოგერინის შეხვედრაზე, რომელიც გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის ფარგლებში გაიმართა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და რეფორმებს, რომლებიც, ქვეყნის განვითარებასთან ერთად, ორიენტირებულია საქართველოს ევროკავშირში უფრო სწრაფი ინტეგრაციის ხელშეწყობაზე. ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ევროკავშირის მტკიცე მხარდააჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. ფედერიკა მოგერინიმ აღნიშნა, რომ საქართველო იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი მისი და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის შეხვედრაზე, რომელიც დღეს ნიუ-იორკში გაიმართა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ასევე ისაუბრეს "აღმოსავლეთ პარტნიორობის" მომავალ სამიტზე, რომელიც ნოემბერში ბრიუსელში გაიმართება.